Site icon Civil.ge

უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება


დავით უსუფაშვილი, 28 აპრილი, 2017. ფოტო: Facebook/David Usupashvili Official

დავით უსუფაშვილმა, 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებენ.

28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, უსუფაშვილმა საუბრისას განაცხადა, რომ იგი მზადაა ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, რომელიც „სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ და საჭირო ფორმულებს გამოიყენებს აღმშენებლობისთვის“. აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მის პოლიტიკურ გეგმებზე რამდენიმეთვიანი სპეკულაციები დაასრულა.  

„ეს არის ახალი პოლიტიკური პარტია, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, ეს იქნება არა ახალი, მორიგი პოლიტიკური პარტია.  ეს იქნება ახლებური პარტია, თავისი შინაარსითაც, ფორმითაც, შექმნის წესითაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე.

„ეს იქნება პარტია, რომელიც გადააგდებს იმ ლექსიკონს, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს მუდამ ჯიბეში უდევთ, ლექსიკონი, რომელშიც სპეციალურად  არის შერჩეული სიტყვები, რომელიც მიმართულია გათიშულობისკენ, შეურაცხყოფისკენ, ნგრევისკენ, განქიქებისკენ ყველასი და ყველაფრის“.

უსუფაშვილის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე მოიგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

სამპუნქტიანი გეგმა 

საზოგადოებისთვის წარდგენილი სამპუნქტიანი გეგმის თანახმად, უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს შეთანხმება საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის მთავარ მიზეზებზე; შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად; და ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით.

„ქვეყნის პრობლემების სათავეა არა „ეს“ ან „ის“ ლიდერი, „ეს“ ან „ის“ პარტია, არამედ ის „დესტრუქციული, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ველი“, რომელზეც ყველა პოლიტიკური ლიდერი – კარგიც, ცუდიც, საშუალოც, ძველიც, ახალიც, მომავალიც – ერთნაირად განწირულია საბოლოო წარუმატებლობისთვის“, – ნათქვამია უსუფაშვილის სამპუნქტიან გეგმაში. 

უსუფაშვილის თქმით, დესტრუქციული პოლიტიკური გარემოს გამოვლინებაა ერთპარტიული მმართველობა, საზოგადოების გათიშულობა, საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმი,  ნეგატივზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები, ფასადური დემოკრატრია და არასწორი სახელმწიფო მმართველობა.

„სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორების გასწორების“ მიზნით, დავით უსუფაშვილს საჭიროდ მიაჩნია, რომ დაიწყოს სამოქალაქო პარტნიორობა ან „ურთიერთხელსაყრელი, თანასწორი, არაერთჯერადი, შეთანხმებასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა“, ასევე ჩამოყალიბდეს ახალი „კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მყარად მდგარი პოლიტიკური ძალა“.

სამპუნქტიანი გეგმის თანახმად, პარტია დაეფუძნება „იდეით, ხედვით, პასუხისმგებლობით გაერთიანებულ ისეთ მოქალაქეთა შრომას, რომლებისთვისაც საარსებო სოციალურ-პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საკუთარი საცხოვრებელი ბინის მოწესრიგება“.

ახალი პარტია, უსუფაშვილის თქმით, უკომპრომისოდ შეებრძოლება „თავსმოხვეულ სტერეოტიპებს, მაგალითად, იმის შესახებ, რომ თითქოს თავისუფლება და პატრიოტიზმი ურთიერთსაპირისპირო ცნებებია, რომ თითქოს ევროპელობა მართლმადიდებლობის ხარჯზე მიიღწევა ან მართლმადიდებლობა ევროპელობას ეწინააღმდეგება“.

პარტია საპარალამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „ქვეყნის სრულფასოვანი გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით, ჩრდილოვანი მთავრობით, ალტერნატიული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით და არა რამდენიმე ლიდერის და რამდენიმე ლოზუნგის ამარა“, ნათქვამია სამპუნქტიან გეგმაში.

უსუფაშვილის ბიოგრაფია

დავით უსუფაშვილი, რომელიც 2005-2013 წლებში რესპუბლიკურ პარტიას ლიდერობდა, 2012-2016 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო ქართული ოცნების კოალიციის შემადგენლობაში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და ხმების მხოლოდ 1.55% მიიღო.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა და ამის მიზეზად პარტიის სხვა წევრებთან „პოლიტიკურ, ღირებულებით, ტაქტიკურ ხედვებზე“ უთანხმოება დაასახელა. 29 ოქტომბერს სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას უსუფაშვილმა „აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა“ დააანონსა. 

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც პოლიტიკოსების რეიტინგებსაც აფასებს, დავით უსუფაშვილის პოპულარობის რეიტინგი 48%-ია; მას წინ უსწრებენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (67%), ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (65%), პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი (55%) და ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე (50%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)