Site icon Civil.ge

იუსტიციის საბჭო მოსამართლეების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საჯარო დისკუსიების დაწყების ინიციატივით გამოდის

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან მოსამართლეების და სასამართლო სისტემის "შეურაცხმყოფელი" განცხადებების გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამო საჯარო დისკუსიების დაწყების ინიციატივით გამოდის.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, "განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების უხეში დარღვევით და წარმოადგენს სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას".

"საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, ცალ-ცაკლე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას", – ნათქვამია 26 აპრილის განცხადებაში. 

იუსტიციის საბჭოს განცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებაში „დასაშვები კრიტიკის“ ზღვარი.

"ის გარემოებაც, რომ მოსამართლე, „თავშეკავებულობის პრინციპიდან“ გამომდინარე, მთლიანად მოკლებულია მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაზე ადეკვატური პასუხის გაცემის შესაძლებლობას მედიასაშუალებების მეშვეობით; საბჭოს მიაჩია, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს  გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან",- აღნიშნულია განცხადებაში. 

"როდესაც მოსამართლეზე იტყვი, რომ ვთქვათ განხილვის დროს იყო მიკერძოებული, მისი გადაწყვეტილება არის კანონთან შეუსაბამო და დაუსაბუთებული ეს არის კრიტიკა და ეს რა თქმა უნდა დასაშვებია… მაგრამ როდესაც მოსამართლეზე იძახი, რომ ის არის "მონა" მე ვფიქრობ ეს არის შეურაცმყოფელი"-  განუცხადა იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც აღნიშნული ინიციატივა განიხილეს და ერთხმად მიიღეს. 

მეორე დღეს, 27 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც იუსტიციის საბჭოს ინიციატივა "მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობად" შეაფასა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის" და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, "მიუღებელია ქარტიისთვის".

"ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება", – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში და იქვე მითითებულია, რომ ქარტია საქმეს განიხილავს დადგენილი წესის შესაბამისად და თუ "იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მიმართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით". 

ინიციატივას "არასეროზული" უწოდა განცხადების  ერთ-ერთმა ადრესატმა სახალხო დამცველმა.

"არასერიოზულია ჩემი აზრით ასეთი გადაწყვეტილება… ამავე დროს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და ამაზეც უნდა ვიფიქროთ , რომ არ იყოს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული", – განაცხადა 26 აპრილს უჩა ნანუაშვილმა. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართმსაჯულებისთვის, რომელშიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული  28 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს ინიციატივას და "სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ სისტემურ ხარვეზებზე" მიუთითა. 

კოალიცია აცხადებს, რომ "სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას და ამაღლებას ხელს შეუწყობს არა კრიტიკის ხელოვნური ან რეპრესიული მექანიზმებით გაჩუმება, არამედ სისტემურ პრობლემებზე დროული რეაგირება და სასამართლო სისტემაში გამართული რეფორმის გატარება".

"ასევე, აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მედიის თვითრეგულირების სისტემის გაძლიერებაზე და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე, თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს რეპრესიული სანქციების გამოყენების დაშვებას", – ნათქვამია განცხადებაში.