Site icon Civil.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ იმსჯელეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეები 3 მაისს გამართულ 1285-ე შეხვედრაზე კვლავ დაუბრუნდნენ დღის წესრიგის თემის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ განხილვას და კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ცალსახა მხარდაჭერა საქართელოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოადგილეებმა განაცხადეს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები და არჩევნები, ასევე რუსეთის ძალისხმევა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან „ე.წ. ხელშეკრულებებს“ მოაწეროს ხელი, „ხელს უშლის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია“.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა ორ რეგიონში ხელს უშლის საქართველოს – „საერთაშორისო სამართლით ერთადერთ სუვერენულ სახელმწიფოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში“ – რომ ლეგიტიმური იურისდიქცია გამოიყენოს ამ რეგიონებზე.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი გამოხატავს „ღრმა წუხილს“, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ „მუდმივი მოწოდებებისა“, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ შეწყვიტოს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი, რომელიც „ჰყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას, არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ართულებს კონფლიქტის მოგვარებას ორ წევრ სახელმწიფოს შორის, ის განაგრძობს ამ პროცესს“.

გადაწყვეტილებაში ასევე ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის „მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების თვალსაზრისით."

მინისტრთა მოადგილეებმა შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთთან ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო.

„[გამშვები პუნქტების] დახურვა ხელისშემშლელია ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებისა და საარსებო წყაროთი უზრუნველსაყოფად და კიდევ უფრო გააუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მოადგილეებმა მოუწოდეს გენერალურ მდივანს, რომ განაგრძოს საქართველოში კონფლიქტის შესახებ თავისი კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგნა მინისტრთა კომიტეტისთვის.

მნიშვნელოვანი პუნქტები საქართველოსთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Twitter-ზე მიესალმა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო წევრი სახელმწიფოების „მკაფიო გზავნილი“ რუსეთის მიმართ. 

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. მადლობა წევრ სახელმწიფოებს“, – წერს ჯანელიძე Twitter-ზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ მოადგილეების ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკაზეა ფოკუსირებული, „მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით“.

საქართველოს საგარეო უწყების ეს განცხადება დოკუმენტის რამდენიმე კონკრეტულ საკითხს ეხება: