Site icon Civil.ge

წითელმა ჯვარმა საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაკარგულთა ძებნის მორიგი ეტაპი დაიწყო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა Civil.ge-ს 6 მაისს განუცხადა, რომ იმ ადამიანების ნეშთის მოსაძებნად, რომლებიც 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, გათხრების მორიგი ეტაპი დაიწყო.

ორგანიზაციის თქმით, სამუშაოები 3 მაისს დაიწყო და სამ ადგილას იწარმოებს, რომელთაგან ორი გორში, ხოლო ერთი კასპში მდებარეობს.

წითელი ჯვარი 2017 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში 30-ზე მეტი სამარხის გათხრას გეგმავს. ეს სამარხები შიდა ქართლის, იმერეთის და აფხაზეთის რეგიონებში, ასევე თბილისის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. დაახლოებით 150 ადამიანის ნეშთის აღმოჩენა იგეგმება.

ინფორმაცია სამარხების თაობაზე წითელი ჯვრის მიერ ჩამოყალიბებული ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში შეგროვდა, რომელთაგანაც ერთი თბილისის და სოხუმის მონაწილეებს, ხოლო მეორე თბილისის, ცხინვალის და რუსეთის ფედერაციის მონაწილეებს აერთიანებს.

საკოორდინაციო მექანიზმები 2010 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის ჩამოყალიბდა თავიანთი ოჯახის წევრების ბედზე პასუხების გასაცემად.

ორგანიზაციამ 2010-2016 წლებში 249 ნეშთი აღმოაჩინა, მათგან 107 იდენტიფიცირებულია და უკვე გადაეცათ ოჯახებს; ხოლო დანარჩენი 142 ნეშთის იდენტიფიკაციის პროცესი კვლავ გრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური)