ორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია – რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ინიციატივას შეუერთდნენ, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების და ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს.
„მუშაობის პროცესში, ქართულმა ოცნებამ სრულად უგულვებელჰყო კომისიაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის განსხვავებული პოზიციები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ისეთ უმთავრეს საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები; და საბოლოოდ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დამოკრატიული განვითარების საზიანოდ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნების ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატები შეუერთდებიან ევროპული საქართველოს კამპანიას, რათა „ქვეყნის კონსტიტუციაში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განხორციელდეს მხოლოდ ერთი, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ვიწროპარტიული ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსისა და შეთანხმების შედეგს“.
„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს კონსტიტუცია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ჰარმონიულ რეგულირებას, ქვეყნის თითოეული მოქალაქისა თუ ქვეყანაში მყოფი თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას“, – განაცხადა შავგულიძემ.
რესპუბლიკურმა პარტიამ ამ საკითხზე განცხადება 8 მაისს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესში „არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას“ და რომ „საკონსტიტუციო ცვლილებების მსგავსი მასშტაბური ცვლილება არ უნდა ხდებოდეს არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე“.
„საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი, ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში. „შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია მოძრაობა თავისუფლებისათვის – ევროპული საქართველოს ინიციატივას დაინიშნოს პლებისციტი“.
„მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით (დღეს არსებული წესით), თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი (აღებული ხმების პროპორციულად)“, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.
„პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები“, – ნათქვამია განცხადებაში.