აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 9 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-სა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
„შეთანხმება მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
„ის ქმნის სამართლებრივ საფუძველს დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლისთვის და ამასთანავე გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის კონტრტერორისტულ თანამშრომლობას“, – განაცხადა მან.
შეთანხმება ასევე გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო სამსახურებთან, ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას, რომ თავისი შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია განახორციელოს, და აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მომავალ შეთანხმებებს გაუკვალავს გზას, დასძინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
This morning, Secretary Tillerson and Georgian Prime Minister @KvirikashviliGi signed US-#Georgia General Security of Information Agreement. pic.twitter.com/TRyyNp5pj8
— Department of State (@StateDept) May 9, 2017
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ წელს ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღნიშნავს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილის გამო და მიესალმა იმ „მნიშვნელოვან რეფორმებს", რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახორციელა.
მან „კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდგომი პროგრესის“ მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და სახელმწიფო მდივანი ტილერსონი „შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ ძალისხმევა საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.