Site icon Civil.ge

საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი Freedom House-ის კვლევაში

„საქართველოში დემოკრატიის განვითარებამ ბოლოდროინდელი პოზიტიური სვლა განაგრძო, თუმცა გარკვეულ საკითხებზე პროგრესი შეჩერდა და უკუსვლაც კი განიცადა“, – ნათქვამია Freedom House-ის კვლევაში „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2017“. 

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით მიღწეულ წინსვლას და უკუსვლას აფასებს და 2016 წლის მოვლენებს ასახავს.

კვლევის დემოკრატიულობის მაჩვენებლების ნაწილი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა, თუმცა ქვეყნების შესახებ ანგარიშები, მათ შორის საქართველოზეც, მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი.

კვლევა დემოკრატიულობის მაჩვენებელს ცალკეული კატეგორიების მიხედვით აფასებს, რომელიც მოიცავს: საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემას და კორუფციას.

ანგარიში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოჰყოფს, როგორც „წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას“.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოქტომბრის არჩევნები უმეტესწილად შეაფასეს როგორც „კარგად ადმინისტრირებული, სადაც ამომრჩეველთა პრეფერენციები ზუსტად იყო წარმოდგენილი“, ადგილი ჰქონდა გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარვეზებს, ამომრჩეველთა დაშინებას და ძალადობრივ ინციდენტებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე მის წინა პერიოდში, მათ შორის, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მანქანის აფეთქების ჩათვლით, ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ ინციდენტებმა არ იქონია პირდაპირი გავლენა არჩევნების მსვლელობაზე. ქართულმა ოცნებამ – რომელმაც დამოუკიდებელ პარტიად და თავისი ყოფილი კოალიციური პარტნიორების გარეშე იყარა კენჭი – 150 მანდატიდან 114 მოიპოვა, რის შედეგადაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ეს მას საშუალებას აძლევს, საკონსტიტუციო ცვლილებები სურვილისამებრ განახორციელოს, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ქართული მედია და სასამართლო სისტემა იმ ორ სფეროდაა დასახელებული, რომელიც 2016 წელს დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენდა.

„მაშინ როცა საქართველოს მედიაგარემო საკმაოდ პლურალისტური და გამჭირვალეა, ქვეყნის ყველაზე ყურებადი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო მიმდინარე სამართლებრივმა საკითხებმა მთლიანი სექტორის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„გარდა ამისა, ე.წ. „კაბელების საქმეზე“ შვიდი ბრალდებულის დამნაშავეებად ცნობას, რომელთაც 2014 წელს კორუფციაში დასდეს ბრალი, დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა გონივრული სამართლებრივი საფუძვლების ნაკლებობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში. 

„ორივე საქმე სერიოზულ კითხვებს აღძრავს სასამართლო სისტემის და მედია სექტორის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელთაც გარკვეულწილად რეალური გაუმჯობესება განიცადეს ბოლო წლებში“.

Freedom House-ის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ანგარიშის ავტორია მაიკლ ჩეჩირე, ახალი ამერიკის და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი.