Site icon Civil.ge

არასამთავრობოები კონსტიტუციის პროექტს აკრიტიკებენ და ვენეციის კომისიას მიმართავენ

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა, 8 მაისს კომისიის მუშაობის ერთობლივი შეფასებით ვენეციის კომისიას მიმართეს.

დოკუმენტში ასახულია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს და ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის პოზიციები.

„ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიზანია, არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას წარუდგინონ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესისა და ფორმატის დეტალური ანალიზი. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ესენია საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების შესახებ ჩანაწერი“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ვენეციის კომისიის პოზიცია შესაძლოა იყოს „ყველაზე ეფექტური მექანიზმი კონსტიტუციის პროექტში არსებული პრობლემური ჩანაწერების გამოსასწორებლად“ იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ „ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მართალია საკონსტიტუციო ცვლილებებს „რიგი პოზიტიური ცვლილებები მოჰყვება“, კონსტიტუციის პროექტით განთვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება „ჩრდილს აყენებს“ ამ პოზიტიურ ცვლილებებს.

საარჩევნო სისტემა

პროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ მანდატების მოსაპოვებლად. იმ პარტიების ხმებს კი, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, გამარჯვებული პარტია მიიღებს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხმები პროპორციულად გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. ახალი კონსტიტუციით ასევე იკრძალება ბლოკების შექმნა, 5%-იანი ზღვარი კი ძალაში რჩება.

მართალია არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას, მათ მიაჩნიათ, რომ „არსებობს ნეგატიური დებულებებიც, რომლებიც მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების პოზიტიურ ასპექტებს ჩრდილს აყენებს“. „კერძოდ, პრობლემატურია გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი, საარჩევნო ბლოკების აკრძალვასთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს წესი „მნიშვნელოვნად გაზრდის არასამართლიანი გადანაწილების რისკებს პარტიის მიერ მიღებულ ხმების პროცენტულობას და იმ ადგილებს შორის, რომელსაც ის საკანონმდებლო ორგანოში მიიღებს“.

საარჩევნო ბლოკების აკრძალვა 5%-იანი ზღვარის შენარჩუნებასთან ერთად „სავარაუდოდ დიდი რაოდენობით გაუნაწილებელ მანდატებს წარმოშობს, რომელთა ერთი პარტიისთვის გადაცემაც პოლიტიკურ პლურალიზმს დააზიანებს და მმართველი პარტიის ხელში ძალის გრძელვადიან კონცენტრირებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

პრეზიდენტის არჩევნები

პროექტის თანახმად, პრეზიდენტს 300 ხმოსანი ირჩევს, რომელთა შორის 150 დეპუტატი, ასევე ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები არიან.

 „საქართველოში ამ ეტაპზე არსებული დემოკრატიული განვითარების და ამომრჩეველთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ხელისმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ოთხმა ორგანიზაციამ დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი დაინერგება, ის ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს.

ქორწინების განსაზღვრა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დებულება, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით“ არის „პრობლემატური საკითხი“. „ეს ცვლილება განსაკუთრებით პრობლემატურია ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიის, სიძულვილით განპირობებული დანაშაულების გაზრდილი შემთხვევების ფონზე და კიდევ უფრო გაართულებს ლგბტ ჯგუფების ბრძოლას, რომ გამოხტვის და შეკრების თავისუფლების თაობაზე საკუთარი უფლებები გამოიყენონ“, ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების აკრძალვა „განსაკუთრებით დაუსაბუთებელია“ იმის გათვალისწინებით, რომ „უკვე არსებობს ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების სამართლებრივი აკრძალვა, ხოლო ქორწინების თანასწორობა ლგბტ ჯგუფებს არც არასდროს მოუთხოვიათ“.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ქორწინების თანასწორობის თეორიული შანსის საკონსტიტუციო აკრძალვა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს ერთნაირი სქესის მქონე წყვილების სამოქალაქო პარტნიორობას“.

ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში, კონსტიტუციამ ერთნაირი სქესის მქონე წყვილების სამოქალაქო პარტნიორობაც უნდა უზრუნველყოს.