საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ბოლო ოფიციალური შეხვედრები 10 მაისს გამართა. კერძოდ, იგი ხაზინის მდივანს სტივენ მნუჩინს და ვაჭრობის მდივანს უილბურ როსს შეხვდა.
ხაზინის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა და მნუჩინმა საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტები განიხილეს. აშშ-ის ხაზინის მდივანმა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერ პროგრამაზე და ხაზი გაუსვა ერთობლივ მუშაობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესმსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოში დახმარების პროექტების განხორციელებას.
ვაჭრობის მდივანთან უილბურ როსთან შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათ შორის ქვეყნის „პოზიტიური პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში“.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში“.
ვაჭრობის მდივანთან შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც ისაუბრეს. „აღინიშნა, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების მონაწილეობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და სასტუმრო ბიზნესით ამერიკული კომპანიების დაინტერესებას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ორივე შეხვედრას მაღალი რანგის ქართველი დიპლომატებიც დაესწრნენ, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, ასევე სენატორებს, მათ შორის აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯონ მაკკეინს.