Site icon Civil.ge

ევროპის სახალხო პარტია საკონსტიტუციო რეფორმის გეგმებზე ‘შეშფოთებას’ გამოთქვამს

ევროპის სახალხო პარტიამ 13 მაისს საქართველოში ფაქტების დამდგენი მისიის შეჯამებისას განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო რეფორმის გეგმების გამო „შეშფოთებულია“.

ევროპის სახალხო პარტიის მაღალი დონის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ პაულო რანგელის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში 12 დელეგატი იყო ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, თბილისს 10-11 მაისს სტუმრობდა და მთავარ პოლიტიკურ აქტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ ექსპერტებთან, ასევე ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური გარემო შეაფასა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ გზაზე არსებული გამოწვევები განიხილა.

ფაქტების დამდგენმა მისიამ თავისი შეხვედრები საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან და გერმანიის ელჩის მოადგილესთან მონიკა ლენჰარდთან სამუშაო საუზმით დაიწყო.

10 მაისს ისინი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდნენ. ოპოზიციური პარტია 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეხვედრაზე მხარეებმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს და 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიის მზადების საკითხზე იმსჯელეს.

დელეგაცია ასევე შეხვდა მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ლიდერებს, მათ რეგიონულ ლიდერებს და პარტიის ასიციაციებს, სადაც პარტიის განვითარებაზე და არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს და ევროპულ სახალხო პარტიაში წევრობაზე მათი განაცხადი შეაფასეს.

ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდა, სადაც დელეგაციის წევრებმა „სერიოზული წუხილები“ გამოთქვეს დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ყველა შემოთავაზებული ცვლილება განხილულ უნდა იქნას პოლიტიკური კონტექსტის და საქართველოს ისტორიული გამოცდილების ჭრილში. საკონსტიტუციო უმრავლესობის ბოროტად გამოყენება, რათა ძალაუფლების გადანაწილების სისტემის ნეგატიურად გადატანა მოხდეს მმართველი უმრავლესობის სასარგებლოდ, დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. განსაკუთრებით, ეს ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის დაგეგმილ წესს, გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას მხოლოდ გამარჯვებული პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკების დაგეგმილ გაუქმენას 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების ფონზე; ყველა ამ ცვლილებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ და პლურალისტურ განვითარებას, მისი არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსით და ვენეციის კომისიის მოსალოდნელი რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა.

„საქართველომ, რომელსაც წარმატების ისტორია აქვს და რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს, უნდა განაგრძოს აღებული კურსი. ევროპის სახალხო პარტია მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ამავე დროს, ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ მას ეყოლება ჯანსაღი ოპოზიცია, ფუნქციური პარტიული სისტემა, ასევე ექნება მედია პლურალიზმის გარანტიები, რომლის საჭიროებასაც ხაზს უსვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მნიშვნელოვანი როლი“, – დასძინა პაულო რანგელმა.

მისიის დასკვნის თანახმად, ევროპის სახალხო პარტია „განაგრძობს მონიტორინგის განხორციელებას და მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიულ პროცესს მისი მოქალაქეების სასარგებლოდ“.

ევროპის სახალხო პარტია ევროპის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 79 წევრ პარტიას, ასევე პარტნიორებს 41 ქვეყნიდან, ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს, ევროკავშირის შვიდი წევრი სახელმწიფოს და შვიდი არაწევრი სახელმწიფოს მეთაურებს და მთავრობის ხელმძღვანელებს; ევროკომისიის 13 წევრს და ის უმსხვილესი ჯგუფია ევროპარლამენტში.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური)