საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ტალინში თავის ესტონელ კოლეგას იური რატასს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში მათ თანამშრომლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ესტონეთის, როგორც მაგალითის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის ევროპული მისწრაფებების „ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია“.
„ამ მხარდაჭერისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე. უვიზო რეჟიმის შემოღება კი გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო ესტონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს ამ რთულ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ასევე მიულოცა ესტონეთს [1 ივლისიდან] ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა და მიესალმა „ესტონეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერას, რაც წარმოადგენს თქვენი მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს“.
„ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ბრიუსელში, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მოიტანს პრაქტიკულ შედეგებს და, ამავე დროს, დასახავს ჩვენი ურთიერთობების განვითარების შესახებ მომავალზე და წინსვლაზე ორიენტირებულ ხედვას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. „მივესალმებით ესტონური ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, ასევე – ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ესტონელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ორმხრივი ურთიერთობები ესტონეთსა და საქართველოს შორის შესანიშნავია“. „ესტონეთი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ“, – განაცხადა რატასმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივ ყურადღებას ითხოვს“. „მოუგვარებელი კონფლიქტები ახალი კრიზისების ჩრდილში არ უნდა დარჩეს“, – დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მიესალმება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ეს ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა მან.
რატასი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ესტონეთის თავმჯდომარეობისთვის „მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“.
„დიდად ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რეფორმები განახორციელოს და ასოცირების შეთანხმება შეასრულოს. მოვუწოდებ საქართველოს სრულად გამოიყენოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი კონკრეტული გზები საქართველოში რეფორმების გასაღრმავებლად“, – აღნიშნა რატასმა.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ესტონეთს და საქართველოს „უპრეცედენტო თანამშრომლობა“ აქვთ უსაფრთხოების, განათლების და ელექტრონული მმართველობის სფეროებში, რასაც ემატება თანამშრომლობა რეგიონულ და მრავალმხრივ დონეებზე. „ჩვენ ურთიერთობებს ზრდის პოტენციალი აქვს ეკონომიკის სფეროში და ერთობლივი ძალისხმევით ხელი უნდა შევუწყოთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას“, – განაცხადა მან.
ტალინში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს, პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ამ შეხვედრების დროს ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმსჯელეს.