Site icon Civil.ge

მოსკოვი თბილისს აკრიტიკებს ლუჟკოვისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გეგმების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება იმ განზრახვის გამო გააკრიტიკა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წარსულში განხორციელებული ვიზიტების გამო არასასურველ პირთა სიაში შეიყვანოს.

ლუჟკოვი საქართველოს მაისის დასაწყისში იმყოფებოდა, რამაც ქვეყანაში კრიტიკა გამოიწვია, ვინაიდან წარსულში ლუჟკოვმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლას კრძალავს. ვიზიტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ლუჟკოვს სპეციალურ სიაში შეიყვანენ, რის შედეგადაც მას საქართველოში ხელახლა შემოსვლა აეკრძალება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ 15 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს“. „რთულია ამგვარი ქმედების რაციონალურად ახსნა, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს ნორმალიზების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „იძულებულია“ ურჩიოს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის რისკები ზედმიწევნით აწონ-დაწონონ და აღნიშნა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც საქართველომ გაწყვიტა“, რუსეთის ინტერესთა სექციას შვეიცარიის საელჩოში თბილისში „ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რათა თანამოქალაქეები ხელისუფლების თვითნებობისგან დაიცვას“.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება ლუჟკოვის წინააღმდეგ და მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა „ვერდიქტი“, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა“. სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ „ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც – რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ შემთხვევებში არაერთხელ დააჯარიმეს და დააპატიმრეს კიდეც. შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 3 000 აშშ დოლარამდე, ან პატიმრობას 4 წლამდე ვადით“.

This post is also available in: English (ინგლისური)