Site icon Civil.ge

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი 19 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა სპეციალური წარმომადგენლის მიერ წინა დღეს ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო.

ჰერბერტ ზალბერი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა ევროკავშირის მხრიდან, ცხინვალს 16 მაისს გაეროდან და ეუთოდან დანარჩენ ორ თანათავმჯდომარესთან ერთად სტუმრობდა და სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ზალბერმა რეგიონის ახალ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს 9 აპრილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რასაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის შეშფოთება მოყვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ზალბერის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორმა დიპლომატმა ყველასთვის ცნობილი საკითხები განიხილეს.

„მინდა ამასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან მკაფიო პრინციპია, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და მეც, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობის დროს ვუსვამ ხაზს“, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ზალბერმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნებზეც ისაუბრა. „რაც შეეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს იმ ფორმატს, რომელშიც ეს არჩევნები გაიმართა. მე სრულად ვუჭერ მხარს ამ პრინციპს“, – განაცხადა ზალბერმა.

„ამავე დროს, ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაგრძო ზალბერმა. „ამიტომ, ევროკავშირი და თავად მე ჩართული ვართ მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის მთავარი არსია“.

დავით დონდუამ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, განაცხადა, რომ „ვისაუბრეთ იმ ბოლო განვითარებებზე, რომელიც მოჰყვა მის ცხინვალში შეხვედრებს“.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს იმ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენი ქვეყნისთვის ფორმატებს, იქნება ეს ორმხრივი თუ მრავალმხრივი, პროცესებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, დემოკრატიისთვის და ზოგადად, საქართველოს განვითარებისთვის“, – განაცხადა დონდუამ.