Site icon Civil.ge

პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა იმ მოტივით, რომ ოთარ წოწორიას ბინიდან ამოღებული „რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის“.

პროკურატურამ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე დაიწყო, რაც ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ოთარ წოწორიას სახლში ჩატარებული ოთხსაათიანი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ორი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები ამოიღეს. ნონა წოწორიამ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული ესასამართლოს დიდი პალატის სხდომებს ესწრება საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე, 19 მაისს მოკლე წერილი გამოაქვეყნა Facebook-ის გვერდზე, სადაც აცხადებდა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

20 მაისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ოთარ წოწორიას ბინიდან ამოღებული რევოლვერის და 227 ვაზნის ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რევოლვერი „დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება  ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია  გამოსაყენებლად“.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, „რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს, რომელიც 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო.

ოთარ წოწორიას ადვოკატმა ლევან მასხარაშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ ოთარ წოწორიასა და მისი მეუღლისთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა ეს იარაღი მათ ბინაში, ან ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი.

„გამოძიებამ როგორ დაადგინა სიმამრისთვის ამ იარაღის კუთვნილება, ამოუცნობია. ბატონმა ოთარმა გუშინ, ჩემი თანდასწრებით, გამოძიებას მისცა ახსნა-განმარტება, სადაც სიტყვა-სიტყვით განმარტა, რომ მისთვის უცნობია აღნიშნული იარაღის არსებობის შესახებ და დაადასტურა კიდევ ერთხელ ფაქტი, რომ პირველად მან ეს იარაღი იხილა სწორედ ამ ჩხრეკის ჩატარების დროს“, – განაცხადა მასხარაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური)