საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაგმეს მანჩესტერში მომხდარი თავდასხმა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა „ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები“.
„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს“, – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.
„გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იგი „შეძრწუნებულია“ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
„საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
„ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ასევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აცხადებს, რომ „შეძრწუნებულია და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს“ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
„ტერორიზმი არის ყველაზე დიდი საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ყველას ვალია, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა თუ პოლიტიკური თანამდებობისა, გაერთიანდეს ამ გამოწვევის წინააღმდეგ და ერთობლივი ძალებით, სოლიდარობითა და თანამშრომლობით ებრძოლოს მას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ჩემს ბრიტანელ კოლეგებს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ტერორიზმისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებას ვუსურვებ“, – დასძინა მან.