Site icon Civil.ge

აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 22 მაისს სეპარატისტულ აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა Civil.ge-ს.

ამავე ინფორმაციით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული გერმანიის მოქალაქე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა ინციდენტის შესახებ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – დასძინა მან.

სეპარატისტული რეგიონის მედია საშუალებებმა ინფორმაცია დაკავების შესახებ ორშაბათს გაავრცელეს. „2017 წლის 22 მაისს, სოფელ ფიჩორის მიდამოებში, გერმანიის მოქალაქე იქნა დაკავებული საქართველოდან აფხაზეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. მან განმარტა, რომ ის ფეხით მოგზაურობდა და არ იცოდა, რომ  აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა“, – იტყობინება ადგილობრივი მედია აფხაზეთში რუსეთის FSB-ის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.  

„შემდგომი საპროცესო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით დაკავებული აფხაზეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცა დადგენილი წესით“, – განაცხადა პრესსამსახურმა.

სეპარატისტულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.