Site icon Civil.ge

საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, ზაკირ ჰასანოვმა, ლევან იზორიამ და ფიქრი იშიკმა, 23 მაისს ბათუმში მეხუთე სამმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტებისთვის უსაფრთხოების ზომებზე იმსჯელეს.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიესალმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრებმა „სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გაფართოების“ გეგმები დასახეს. მან ასევე განაცხადა, რომ „ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი,  ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება“.

იზორიას თქმით, სამ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებისა და „ამბიციური ეკონომიკური პროექტების“ განხორციელებისთვის. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მინისტრებმა ცალსახად  გამოხატეს საკუთარი პოზიცია აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მიმართ და დასძინა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მტკიცედ იქნება მომავალშიც საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერილი“.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამი ქვეყნის გენშტაბების უფროსების პირველ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც შესთავაზებს აზერბაიჯანელ და თურქ სამხედროებს სასწავლო კურსებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

შეხვედრის დასასრულს სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაზს უსვამს, რომ სამმხრივი შეხვედრის ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული მექანიზმია და რომ სამი ქვეყანა განაგრძობს მონაწილეობას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ლევან იზორიამ და ფიქრი იშიკმა ცალკე შეხვედრაც გამართეს, სადაც იზორიმ მადლობა გადაუხადა თავის თურქ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ნატოში მისწრაფების მუდმივი მხარდაჭერის გამო.