თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი, შვიდი მინისტრის თანხლებით, საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. ისინი ასევე შეეხნენ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის" აღორძინების დიდი პროექტის“.
საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი ეკონომიკის, მართლმსაჯულების, კიბერუსაფრთხოების და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის თაობაზე.
საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი თურქი კოლეგის ვიზიტი საქართველოში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს არსებობა „თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები“.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, „გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის“ ამ ურთიერთობებს.
„დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოების“ მნიშვნელობას, რაც ქართველ მეწარმეებს თურქეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა თავის გამოსვლაში ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ იმუშავეს იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობაში უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი.
საბჭოს შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
„თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
23 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა საქართველოს, თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ თბილისის მადლიერება გამოხატა თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული ცალსახა მხარდაჭერის გამო.