შეთანხმებას რუსეთ-აფხაზეთის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის თაობაზე, რომლის მიზანიცაა რუსული და აფხაზური სტრუქტურების კოორდინაცია „ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა სახიფათო დანაშაულებთან“ ბრძოლის საქმეში, სეპარატისტულ აფხაზეთში უთანხმოება მოყვა; ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა და ორგანიზაციებმა წინააღმდეგობა გამოხატეს დაგეგმილი ცენტრის მიმართ.
საზოგადობრივი კრიტიკის საპასუხოდ, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 22 მაისს ცენტრის მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომლის თანახმადაც შეთანხმება ცენტრის შესახებ შეესაბამება როგორც აფხაზეთის კონსტიტუციას, ისე „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ცენტრს მხოლოდ 20 თანამშრომელი ეყოლება, ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს რუსეთის და სოხუმის მიერ როტაციის პრინციპით დანიშნული ოფიცრები დაიკავებენ და ამას გარდა, ცენტრს არ ექნება უფლებამოსილება, რომ „ოპერატიული-საგამოძიებო საქმიანობა“ განახორციელოს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მცდარია ის ვარაუდები, რომ შეთანხმებაში შესაძლია სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის დამტკიცების გარეშე შევიდეს ცვლილებები. „ნებისმიერ ასეთ ცვლილებას პარლამენტის მიერ რატიფიკაცია დასჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა არ დააკმაყოფილა მოწოდებები, რომ ცენტრი პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული; მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, ცენტრი რუსეთის და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
მან ასევე უარყო კრიტიკა ცენტრის რუსი თანამშრომლების, მათი ოჯახების და ქონების იმუნიტეტთან დაკავშირებით, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს, და განაცხადა, რომ ეს საკითხები „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის“ შესაბამისად გადაწყდა. სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა დასძინა, რომ წინა წლების მანძილზე რუსეთთან მიღწეული სხვა შეთანხმებების შედეგად, „იმუნიტეტით და პრივილეგიებით რამდენიმე ათასი უცხოელი მოქალაქე სარგებლობს“.
იმავდროულად, სეპარატისტული აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა რაულ ლოლუამ, რომელიც იმ 15 დეპუტატს შორის იყო (აფხაზეთის პარლამენტში სულ 35 წევრია), რომლებიც შეთანხმების ხელმოწერის გადადებას ითხოვენ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ 20-კაციანი შტატი არ იქნება საკმარისი ცენტრის მიერ დასახული საქმიანობების განსახორციელებლად და დასძინა, რომ ეს ან იმას ნიშნავს, რომ ცენტრის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის გასაჯაროვებული, ან შეთანხმების ავტორები არაკომპეტენტურები არიან.
ლოლუამ ასევე განაცხადა, რომ იმ ტიპის იმუნიტეტით, რომელიც ცენტრისა და მისი რუსი თანამშრომლებისთვისაა გათვალიწინებული, „არც [აფხაზეთის] პრეზიდენტი და არც პარლამენტის წევრი სარგებლობს“.
This post is also available in: English (ინგლისური)