Site icon Civil.ge

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24 მაისს თბილისში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მთავრობის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ქვეყნის პროგრესი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით და მზადება 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს დასახავს. 

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის როლი შერიგების პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელობა, რომ ამ პორცესის შედეგად მიღებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ამავე ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ევროპარლამენტის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები იქნა განხილული.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები იყვნენ.