თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თურქეთის მოქალაქეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ერთ-ერთი მმართველია, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც თურქეთის მიერ იძებნება, თურქული კანონმდებლობით ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა იგი 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას თურქული მხარე ბრალად სდებს ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ე.წ. ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან კავშირს, რასაც ბრალდებული უარყოფს.
სოსო ბარათაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ასევე მიმართავს სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ამ საკითხზე დღეს კომენტარი განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამაც გააკეთა. მისი თქმით, კოლეჯის მმართველის დაკავებით სასწავლო პროცესს პრობლემა არ შეექმნება.
„არ მგონია, ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას პრობლემა შეუქმნას… თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს, მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს“, – განუცხადა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს 25 მაისს.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი თბილისში 1993 წლიდან ფუნქციონირებს.