საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს. ოფიციალური ცერემონია თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებით დაიწყო, სადაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო.
99 წლის წინ ამ დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა სამ წელიწადში, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ ქვეყანა დაიპყრო. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
„მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რომ ქართული სახლემწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში გამოიხატება“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცერემონიაზე გამოსვლისას.
“ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით”, – დასძინა პრეზიდენტმა.
„დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში. „მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს“.
„დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარები. და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში“, – დასძინა მან.
ცერემონიაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის ახალ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის ვალდებულება, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და არსებული საფრთხეების პირობებში, თავდაცვის ახალი პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, დღის წესრიგში აყენებს ყველა საერთაშორისო პროექტის, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის სინქრონიზებას, ეროვნული თავდაცვის მთელი რესურსის მობილიზებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გააქტიურებას“, – განაცხადა მან.
„ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი საზოგადოების მეტ ჩართულობაზე, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაზე, ასევე საქართველოს ერთიანობისათვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, მეტი ვალდებულების აღებაზე გადის“, – დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო. სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინა საქართველოს სხვა ქალაქებში.