ნატო სექტემბრის დასაწყისში უელსში დაგეგმილ სამიტზე „სოლიდური პაკეტის“ მიღებას გეგმავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, განუცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს 20 აგვისტოს გამართულ სატელეფონო საუბარში.
ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ნატო ასევე „აპირებს დაადასტუროს მისი პოზიცია ალიანსში საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ტელეფონით რეგიონულ უსაფრთხოებასა და ნატოს მოახლოებული სამიტისთვის მზადებაზე ისაუბრეს, ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს მისი ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ, აღნიშნა პრეზიდენტმა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის „არსებითი პაკეტი" შეიმუშაონ, რომელიც ქვეყანას ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ლიტველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის გამო.
„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც სათანადოდ აისახება სამიტის მთავარ დოკუმენტში“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის თაობაზე სატელეფონო საუბრები თავის პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან 14 აგვისტოს გამართა და 19 აგვისტოს ასევე ესაუბრა ლატვიის პრეზიდენტს.