ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ თბილისში ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 29 მაისის პლენარული სხდომა გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
ალიმ განაცხადა, რომ საქართველომ და მისმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობას ეკუთვნის. მან ასევე განაცხადა, რომ „ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეა აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისკენ“, ნატოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებსა და მთავრობებში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის გზით.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შეაქო საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმისა და ნატოს ძალებთან ინტეგრაციის უნარისთვის და დასძინა, რომ აღსანიშნავია ის სიღრმისეული ტრანსფორმაცია, რომელიც მან ბოლო 15 წლის განმავლობაში განიცადა.
ალიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ „ასამბლეა მუდმივად გმობდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო და მიუღებელ ოკუპაციას“. მან ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსია და დასძინა, რომ რუსეთი ფედერაცია ცდილობს „ყოველდღიურად მეტი ქართული მიწა მიითვისოს და გააძლიეროს საკუთარი ყოფნა და კონტროლი“.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება „საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, რაც არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა და ვერანაირი გარე ზეწოლა ვერ შეუშლის ხელს ასპირანტ ქვეყნებს, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიონ.
26 მაისს, ასამბლეის სესიის პირველ დღეს, პრესკონფენციაზე საუბრისას ალიმ განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმიტომაა საქართველოში, რომ „სრული მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ“, ასევე ქვეყნის რეფორმებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან ასევე განაცხადა, რომ „სულ უფრო მეტად გვესმის, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენთვის საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მხარდაჭერა ასევე ნიშნავს ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ალიანსის დაცვას და მხარდაჭერას“.
პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ორიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელთანაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აქვს პარლამენტთაშორისი საბჭოს ფარგლებში. მეორე ქვეყანა, მისი თქმით, უკრაინაა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ალიმ აღნიშნა, რომ ბუქარესტის 2008 წლის ნატოს სამიტზე ნათლად ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
28 მაისს პაოლო ალი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრა, სადაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „საკუთარი თვალით დავინახოთ, თუ რა ხდება აქ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ და დასძინა, რომ ეს მას და მის კოლეგებს შესაძლებლობას მისცემს, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში და აუხსნან, თუ რა ხდება საქართველოში.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, დაძაბულობა არ იკლებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართა, რომელსაც ნატოს მოკავშირეების და 21 პარტნიორი ქვეყნის პარლამენტების წევრები დაესწრნენ. ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევა იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წლიან ისტორიაში, როდესაც მისი სხდომა არაწევრ ქვეყანაში გაიმართა.
This post is also available in: English (ინგლისური)