აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს, რომელიც 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და მოგვიანებით ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
პარიზში მდებარე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ 1 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს იმასთან დაკავშირებით, „თუ როგორ გაიტაცეს აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში დევნილობაში ცხოვრობდა და როგორ დააბრუნეს მეზობელ აზერბაიჯანში“.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა განმარტოს, თუ რა შეემთხვა აფგან მუხთარლის და საქართველოში მყოფი სხვა აზერბაიჯანელი დევნილებისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს“, – განაცხადა „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, იოჰან ბირმა.
„არ აქვს მნიშვნელობა, მუხთარლი უცხოელმა ოპერატიულმა სამსახურებმა გაიტაცეს, თუ საქართველოს უსაფრთხოების ძალები მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რეჟიმის მიერ მისი კრიტიკოსების დევნაში; ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რასაც აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგები“, – განაცხადა მან.
„მოვითხოვთ დაუყონებლივ გათავისუფლდეს აფგან მუხთარლი, რომელიც ამჟამად წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლებლობის წინაშე დგას“, – დასძინა ბირმა.
კიდევ ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 31 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანში მუხთარლის „საზღვრის უკანონო გადაკვეთის და კონტრაბანდის ყალბი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ელის“ და შესაძლოა „პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის გარდაუვალი საფრთხეც დაემუქროს“.
„საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს და ბრალი მოუხსნას მას“, – ნათქვამია განცხადებაში.
Human Rights Watch-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, გიორგი გოგიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლების ოპონენტთა დაშინებისა და დევნის შემაშფოთებელი ტენდენციაა და დასძინა, რომ ორგანიზაცია „სერიოზულადაა შეშფოთებული მუხთარლის უსაფრთხოების გამო“.
„ეს გატაცება უხეში და მხდალი საქციელია“, – განაცხადა გოგიამ. „არავინ ერთი წუთითაც არ დაიჯერებს, რომ მუხთარლი ნებაყოფლობით ცდილობდა აზერბაიჯანში შესვლას, საიდანაც ის დევნის გამო გამოიქცა. თუ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კანონდარღვევის რაიმე მტკიცებულება გააჩნია, მათ შეეძლოთ ექსტრადიციის გზით ედევნათ იგი. ამის ნაცვლად, ის კარიკატურულმა განგსტერებმა გაიტაცეს“. – დასძინა მან.
Human Rights Watch-მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „დაუყონებლივ გამოიძიოს მუხთარლის გატაცების საქმე, მათ შორის ის, მონაწილეობდნენ თუ არა ქართველი სამართალდამცავები მუხთარლის უკანონო გადაცემაში საზღვარზე, ან აქტიურად მონაწილეობდნენ თუ არა მის გატაცებაში“.
გოგიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუხთარლის ბედზე პასუხისმგებლობას იზიარებს და მან სიმართლე უნდა თქვას საკუთარ როლზე „ამ უკანონო დაკავების და დაბრუნების“ საქმეში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით Amnesty International-მა ასევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „ეს ძალიან ავისმომასწავებელი მოვლენაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჟურნალისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარებითაა ცნობილი“.
This post is also available in: English (ინგლისური)