„საქსტატის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ მაისში 6.6% შეადგინა, აპრილში არსებული 6.1%-იანი ინფლაციის შემდეგ.
წინა თვესთან შედარებით, მაისში ინფლაციის დონე 0.1%-ზე უცვლელი დარჩა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე ფასების 15%-იანმა, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფზე ფასების 17.5%-იანმა მატებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასების 8.3%-იანი მატება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (30.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.3%), რძე, ყველი და კვერცხი (10.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.0%), ზეთი და ცხიმი (6.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7%).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მაისში 6.7%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების (16.8%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5.3%) ქვეჯგუფებზე.