Site icon Civil.ge

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უზენაესი საბჭო ხურჩას მკვლელობის ახალ გამოძიებას ითხოვს

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უზენაესმა საბჭომ 5 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სეპარატისტული აფხაზეთის და რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ახალი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„სოხუმის „არგუმენტები“ იმის თაობაზე, თითქოს თბილისმა სათანადოდ მომზადებული მტკიცებულებები და მასალები მათ არ გადასცა, მტკნარი სიცრუეა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების განცხადებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც თბილისმა სოხუმს საქმესთან დაკავშირებით საჭირო მტკიცებულებები ვერ მიაწოდა.

„სოხუმის მხარეს გადაეცა სამართლებრივი მასალები, რომელშიც გამოწვლილვით არის შესწავლილი გამოძიებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ, უტყუარ მტკიცებულებებზე -ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ასე აშკარად, ასობით ადამიანის თვალწინ ადამიანის მკვლელობაზე გამოძიების უგულებელყოფა, დამნაშავის ქუჩაში დაუსჯელად გაშვება ახალი მკვლელობების ჩასადენად, ცუდის მომასწავებელია“, – განაცხადა უზენაესმა საბჭომ. „ამგვარი უსამართლო სამართალი, ბუნებრივია, არაფერს მატებს არც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველებს, რომელთაც „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე აქვთ პრეტენზია, და არც რუსეთის მმართველ ელიტას, რომელიც რუსეთის“ სუპერ-სახელმწიფოდ“ აღიარებას ესწრაფვის“.

უზენაესმა საბჭომ მოუწოდა აფხაზურ და რუსულ მხარეებს, რომ ხელახალი სამართლებრივი დევნა და გამოძიება დაიწყონ „მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლის საქმეზე და გამოძიების დასრულებამდე თავისუფლება შეეზღუდოს მას.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს, რომელსაც ზუგდიდის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

აფხაზეთის წარმომადგენლებმა თბილისს საკუთარი გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის თაობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 46-ე შეხვედრაზე აცნობეს. მანამდე სოხუმი აცხადებდა, რომ რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა მიუსაჯა.