ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) წევრებმა, რომლებიც 3 ივნისს ლუბლიანაში პარტიის საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ, „კატეგორიულად დაგმეს დამოუკიდებელი ჟურნალისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის აფგან მუხთარლის გატაცება, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების დევნას გამოექცა და საქართველოში იპოვა თავშესაფარი, თუმცა თბილისიდან გაიტაცეს და 29 მაისს აზერბაიჯანში ჩაიყვანეს“.
ALDE-მ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანში მისი წევრი პარტიის „მუსავათის“ და მისი ლიდერის არიფ ჰაჯილის მიმართ, რომელიც „ყველაზე რთულ გარემოებებში მოღვაწეობს და მამაცურად ებრძვის მკაცრ ავტორიტარულ რეჟიმს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მჩაგვრელ რეჟიმში ლიბერალური ღირებულებების დასაცავად“.
თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლებიც ALDE-ს წევრი პარტიები არიან საქართველოში, პარტიის საბჭოსადმი ერთობლივ მიმართვაში შეშფოთება გამოხატეს „საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლების როლის“ გამო და სწრაფი გამოძიება მოითხოვეს.
ამ განცხადების საპასუხოდ, ALDE-ს პრეზიდენტმა ჰანს ვან ბაალენმა განაცხადა: „ევროპელი ლიბერალები მხარს უჭერენ თავიანთ წევრებს საქართველოში, რომლებიც ამ გატაცების გარემოებებში სრულ სიცხადეს ითხოვენ და კვლავაც მხარს უჭერენ ლიბერალებს აზერბაიჯანში, ასევე სთხოვენ ევროკავშირს, რომ ზეწოლა განახორციელოს აზერბაიჯანის რეჟიმზე, რათა დაუყონებლივ გაათავისუფლონ აფგან მუხთარლი და სხვა პოლიტპატიმრები“.
რესპუბლიკურმა პარტია და თავისუფალმა დემოკრატებმა 31 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებენ, რომ „სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას“.
„ამ თვალსაზრისით, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ისე თურქი პედაგოგის შემთხვევა არის უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტი. აქ ორში ერთია: ან საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლო უწყებების მხრიდან, ან სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორი პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას განმარტოს, „თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე“. პარტიები ასევე მოუწოდებენ პრემიერ-მინისტრს „პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით“.
რესპუბლიკური პარტია (2007 წლიდან) და თავისუფალი დემოკრატები (2012 წლიდან) ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) სრულუფლებიანი წევრები არიან.
პარტიებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ისინი ბლოკის სახით წარდგებიან.