Site icon Civil.ge

ტილერსონი: აშშ აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას

 „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მტკიცე პარტნიორობას და ველით ჩვენი საერთო ინტერესების და ღირებულებების შემდგომ განვითარებას“, განაცხადა აშშ-ის საელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა 6 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოც განცხადებაში.

„ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ნაწილში მომსახურე ქართველი სამხედროების მსხვერპლის გამო. ჩვენ ერთად ავღნიშნავთ საქართველოს წარმატებებს და ვგლოვობთ მათ, ვინც ტერორიზმთან ბრძოლას შეეწირა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„საქართველო კვლავაც შთააგონებს სხვებს თავისი ლიდერობით და დემოკრატიული პრინციპების ძალის მიმართ ჩვენი საერთო რწმენისადმი ერთგულებით“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ აშშ „ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მის არჩევანს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი თავისუფალი ერების თანამეგობრობის ფარგლებში“.

„ველით შემდგომ მრავალწლიან თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენი ორი ქვეყნისთვის სტაბილურობის და აყვავების ხელშეწყობის მიზნით“, – აცხადებს ტილერსონი.  

ამ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა 3 ივნისს გაავრცელა. 

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ტრამპი, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა კვირიკაშვილის 8-10 მაისის ვიზიტი აშშ-ში.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ“.

„ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში“, – წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშე დგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის გზას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა“.

„ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებს ტრამპი.

 

This post is also available in: English (ინგლისური)