Site icon Civil.ge

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 7 ივნისს პიოტრ გასიევი რეგიონის 34-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

45 წლის გასიევი, რომელიც პარლამენტში 2014 წელს შევიდა, ამ პოსტზე პარტია ერთიანმა ოსეთმა წარადგინა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში 20-წევრიანი უმრავლესობა ჰყავს.

გასიევის კანდიდატურას სხდომაში მონაწილე 32 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა მხარი. ხუთმა დეპუტატმა მხარი გასიევის კონკურენტს, ბორის ტასოევს დაუჭირა;  ოთხმა დეპუტატმა ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ორი ხმა გაბათილდა.

პიოტრ გასიევი ადრე ჟურნალისტად მუშაობდა რუსულ ტელეკომპანია NTV-სა და ცხინვალის ადგილობრივ ტელეკომპანიაში IR.  

გასიევის არჩევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე სეპარატისტული რეგიონის ახალმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა რეგიონის 12-წევრიან მთავრობაში შვიდი ახალი მინისტრი დანიშნა.

რეგიონის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ცხინვალის ელჩი იყო რუსეთში 2009-2015 წლებში; ალან ტადთაევი, საგანგებო სიტუაციების ახალი მინისტრი, 2014 წლიდან მინისტრის მოადგილედ მსახურობდა; ზალინა ლალიევა, ახალი იუსტიციის მინისტრი, 2005 წლიდან სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში იურისტად მუშაობდა; ჟანა ზასეევა, კულტურის ახალი მინისტრი, 2005 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი იყო; გენადი კოკოევს, ეკონომიკის ახალ მინისტრს, 2001-2003 წლებში იგივე პოსტი ეკავა.

აზა ხაბალოვა და ნატალი გასიევა, ფინანსთა და განათლების მინისტრები, რომლებიც თიბილოვმა 25 მაისს ხელახლა დანიშნა, ამ პოსტებზე 2012 და 2015 წლიდან მსახურობენ.

სხვა მინისტრები ჯერ არ დანიშნულან და დანარჩენ სამინისტროებს ამ ეტაპზე მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.