Site icon Civil.ge

არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციის პროექტზე საპარლამენტო განხილვების გადადებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს თხოვნით, რომ კონსტიტუციის პროექტზე საპარლამენტო განხილვები გადადოს.

პარლამენტმა ერთკვირიანი საკომიტეტო განხილვები შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე 5 ივნისს დაიწყო, რის შემდეგაც ივნისის მეორე ნახევარში პარლამენტის რიგგარეშე პლენალურ სხდომაზე მისი პირველი და მეორე მოსმენით განხილვა გაიმართება.

ოპოზიციურმა თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა 7 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ შეაჩეროს საპარლამენტო განხილვები და „სულ მცირე, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას [17 ივნისამდე]“.

„,ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები საგანგაშოდ მივიჩნევთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილელების პროექტის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვას“, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

„ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე საჯაროდ აცხადებდა, რომ ცვლილებების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის მოსაზრებებსა და შენიშვნებს“, – განაცხადა გოგუაძემ.

„წარმოდგენილი ცვლილებების შემოთავაზებული სახით მიღება, ჩიხში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას, რადგან დააშორებს რეალური საპარლამენტო მმართველობის მოდელს, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას პარლამენტში, აკრძალავს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, შეასუსტებს ადგილობრივ თვითმმართველობას და დაბლა დასწევს ადამიანის უფლებების დღეს არსებულ სტანდარტს“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებების სწავლებების და მონიტორინგის ცენტრმა, ასევე ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ 6 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და პარლამენტს საშემოდგომო სესიამდე განხილვების გადადებისკენ მოუწოდეს.

„საპარლამენტო განხილვები არის პრაქტიკულად ბოლო და დასკვნითი ეტაპი ცვლილებების სრულფასოვნად გააზრების, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვისა და ქვეყნის უზენაეს კანონზე მაქსიმალურად ფართო კონსენსუსის მიღწევის კუთხით. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროქტის განხილვა საპარლამენტო ფორმატში არ წარიმართოს არაგონივრულად მცირე ვადაში. მით უფრო, რომ არ არსებობს ამის სამართლებრივი აუცილებლობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, ვინაიდან „პირველი და მეორე მოსმენით განხილვა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს, რა დროსაც ხდება ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე და კონკრეტულ მუხლობრივ ფორმულირებებზე შეჯერება (მესამე მოსმენის ეტაპზე კანონპროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი აღარ არის), ივნისის თვეში, მით უფრო, ბოლო ორ კვირაში, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მოესწროს ორივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჯეროვანი განხილვა“.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ კონსტიტუციის პროექტში გარკვეულ საკითხებზე „ნულოვანი კონსენსუსია“, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე, საპრეზიდენტო არჩევნებზე და სხვა. ასევე დასძინეს, რომ პოლიტიკურმა აქტორებმა „ფართო კონსენსუსს“ უნდა მიაღწიონ კონსტიტუციის თაობაზე.

ქართული ოცნების და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მხარდაჭერილ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. კომისიის მუშაობას და შემდგომ საყოველთაო განხილვებს ოპოზიციის კრიტიკა ახლდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავდა, რომელიც მის ძალაუფლებაში ყოფნას კიდევ უფრო გააძლიერებდა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭების საკითხები გახდა.