რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთი აშკარად თავს არიდებს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების იმპლემენტაციას.
თბილისმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების „ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი“ და დასძინა, რომ რუსული მხარე „ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას“.
გრიგორი კარასინმა, რომელმაც თბილისის განცხადებას 10 ივნისს უპასუხა, უარყო, რომ რუსეთი ცხინვალის მხარედ წარმოჩენას ცდილობს და განაცხადა, რომ დოკუმენტი „ორმხრივია“. „ის მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ტერიტორიებზე ხორციელდება, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ მოიცავს და მათთან თანამშრომლობასაც არ მოითხოვს“.
კარასინმა ასევე დასძინა, რომ „მოსამზადებელი სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე განხორციელდა და დღეს მთელი ამ მექანიზმის ასამოქმედებლად მხოლოდ ერთი რამ დარჩა, რომ ქართულმა მხარემ ხრიკების გარეშე დაადასტუროს განზრახვა, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის საბაჟო ტერმინალებზე შეთანხმების მოთხოვნებს. იმედია, ეს მალე მოხდება“.
იმავდროულად, კარასინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება „არ არეგულირებს – და ვერც დაარეგულირებს ტვირთების გადაადგილებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.
„ამასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების მოგვარების გარეშე ტრანზიტის შესახებ საუბარი უაზრობაა“, – განაცხადა კარასინმა.
„სწორედ ამიტომ მივესალმეთ პრეზიდენტ ბიბილოვის კონსტრუქციულ მიდგომას. ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისში განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ“, – დასძინა მან.