მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ამ საკითხზე საუბრობენ ტელეკომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ძმები გია და ლევან ყარამანიშვილები 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
ძმები ყარამანიშვილები თავიანთ განცხადებაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამია თანამდებობიდან კომპანიის დამფუძნებლებმა „გაათავისუფლეს“.
„ნებისმიერი მინიშნება ამაზე (გვარამიას განთავისუფლებაზე) ან არაინფორმირებულობის შედეგია, ან მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია… ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით,როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ“, – ნათქვამია ძმები ყარამანიშვილების განცხადებაში, რომელსაც რუთავი 2-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში გამართული თათბირის შემდეგ მოგვიანებით გავრცელდა, ასევე აღნიშნულია, რომ თანამდებობის დატოვების მიუხედავად ნიკა გვარამიას "შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“.
ძმები ყარამანიშვილები განცხადებაში ტელეკომპანიაში შექმნილ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირის წინ დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ.
„აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა და კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას ამ დრომდე ოფიციალური არც განცხადება და არც კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია მის სავარაუდო შემცვლელზე.
გაზეთი „რეზონანსი“ 10 ივნისის სტატიაში სათაურით „დიდი გაურკვევლობა „რუსთავი 2“-ში“ წერდა, რომ სამი დღის წინ გვარამია თავის მოადგილე ზაალ უდუმაშვილთან ერთად კიევში იმყოფებოდა და იქ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
როგორც „რეზონანსის“ სტატიაშია ნათქვამი, საუბრის ერთ-ერთი თემა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურის შესაძლო დასახელება იყო.
აღნიშნული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან ნაწილობრივ დაადასტურა. მისი თქმით, იგი ნამდვილად იმყოფებოდა კიევში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ასევე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომლებისგანაც მიიღო შეთავაზება ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით დღეს. ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად… „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო შემოთავაზება. მე უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან და მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან… გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, საერთოდ, ვიყრი თუ არა კენჭს. გადაწყვეტილება არც იმაზე მიმიღია, ვიქნები თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, თუ ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი“, – განაცხადა 7 ივნისს ზაალ უდუმაშვილმა.
„რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი 9 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაადგილებები „დაკავშირებულია პოლიტიკურ ძვრებთან“ და მთავარია ჟურნალისტების უფლებების ინტერესის და მედიაპლურალიზმის დაცვა.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით… ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი სუბიექტური ინტერესები არ გვაქვს ამ ტელევიზიის მიმართ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ პროცესებს. ჩვენთვის მთავარია, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების უფლებების დამედიაპლურალიზმის ინტერესის დაცვა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ კუთხით განახორციელებს მონიტორინგის პროცესს პარლამენტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ საკითხის კომენტირებისას.
ტელეკომპანიის გარშემო წლების წინ დაწყებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერდა.
This post is also available in: English (ინგლისური)