Site icon Civil.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ხურჩის მკვლელობაზე საქმის შეწყვეტა ‘უარყოფით გავლენას ახდენს’ უსაფრთხოებაზე ადგილზე

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე „ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას“, 12 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა.

„გადაწყვეტილება უგულებელყოფს იმ ინტენსიურ შრომას, რომელიც სრული ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა, ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საგამოძიებო მასალების გადაცემას“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ სავარაუდოდ სოხუმის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისმა ვერ მოახერხა სოხუმისთვის საქმესთან დაკავშირებული „საჭირო“ მტკიცებულებების მიწოდება.

„მძიმე დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს უსაფრთხოების განცდაზე ადგილებზე“, – აღნიშნა წარმომადგენლობამ და დასძინა, რომ „უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ და სხვა საქმეებზე, რომლებიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული“.

მანამდე, 6 ივნისს ეუთოს ავსტრიის თავმჯდომარეომ ასევე შეშფოთება გამოთქვა საქმის შეწყვეტის თაობაზე და მას „დიდი იმედგაცრუება“ უწოდა.

„ეს გადაწყვეტილება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს გამოხატულ კონსტრუქციულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესპიკერმა.

„2016 წლის მაისში გალის შეხვედრების აღდგენის შემდეგ მხარეები აქტიურად მუშაობდნენ ამ საქმეზე, მათ შორის საგამოძიებო მასალების გაცვლის გზით“, – დასძინა პრესსპიკერმა.

ავსტრიის თავმჯდომარეობამ მოუწოდა ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ „პროფესიონალურად და კონსტრუქციულად ჩაერთონ, რათა გაზარდონ სტაბილურობა და ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას და მშვიდობის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ“.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს, რომელსაც ზუგდიდის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

აფხაზეთის წარმომადგენლებმა თბილისს საკუთარი გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის თაობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 46-ე შეხვედრაზე აცნობეს. მანამდე სოხუმი აცხადებდა, რომ რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა მიუსაჯა.

This post is also available in: English (ინგლისური)