საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 13 ივნისს, რომ საქართველომ დაასრულა თბილისსა და მოსკოვს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
„ჩვენ პირნათლად შევასრულეთ მოსამზადებელი სამუშაოები. ახლა ჯერი რუსულ მხარეზეა. თუ რამე ხელის შემშლელი შეიძლება იყოს ამ საქმეში, ის არის, რომ რუსულმა მხარემ უნდა დაასრულოს მოლაპარაკება შვეიცარულ კომპანიასთან“, – განუცხადა აბაშიძემ Civil.ge-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას.
„რუსულ მხარეს მოუწოდებ დაასრულოს კომპანიასთან ხელმოსაწერ კონტრაქტზე მუშაობა“, – განაცხადა აბაშიძემ, რომელსაც მხედველობაში ჟენევაში განთავსებული კომპანია SGS ყავდა. სწორედ ეს კომპანია განახორციელებს მონიტორინგს.
ზურაბ აბაშიძემ, რომელიც 2012 წლიდან გრიგორი კარასინთან პირდაპირი დიალოგის ფორმატში აწარმოებს მოლაპარაკებებს, დასძინა, რომ მომდევნო შეხვედრა ორ დიპლომატს შორის სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში გაიმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე და რუსეთის ფედერაცია საკითხის „პოლიტიზირებაში“ დაადანაშაულა.
„სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული მუშაობა კონტრაქტზე, რომელიც უნდა გაფორმდეს შვეიცარულ კომპანია SGS-თან“, – განაცხადა ჯანელიძემ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 13 ივნისს.
„საქართველოს მხარეს დასრულებული აქვს უკვე დიდიხანია SGS-ის კონტრაქტზე მუშაობა და ჩვენ შვეიცარელ შუამავალთან ახალი მოლაპარაკების მეშვეობით ვახორციელებთ საბოლოო ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა მან.
„იმედი გვაქვს, რომ რუსეთი თავის თავსვე მოუწოდებს და დაასრულებს ამ კონტრაქტზე მუშაობას უკვე ივნისის თვეში და ეს კონტრაქტი და ეს შთანხმება ამოქმედდება ყოველგვარი პოლიტიზირების და შეთანხმებასთან სრული შესაბამისობის ფარგლებში, რომლისთვისაც საქართველოს მხარე მზად არის“, – დასძინა მან.
საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
შეთანხმება ითვალისწინებს „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით. ორი სავაჭრო დერეფანი სეპარატისტულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.
შეთანხმების თანახმად, კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.