საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7%-ზე დატოვა მას შემდეგ, რაც წინა თვეში ის 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ბანკმა აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება“.
„ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია „არსებულ პროგნოზთან“, რომლის მიხედვითაც „ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება“. ამასთანავე, ბანკმა დასძინა, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს.
„აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება“, – აცხადებს ბანკი.
„მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დასძინა ბანკმა.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან წლის ბოლოსთვის 8%–მდე გაიზარდა. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბრიდან 2017 წლის იანვრამდე 6,5%-ზე უცვლელად რჩებოდა. 25 იანვარს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,75%-მდე, ხოლო 2 მაისს 7%-მდე გაზარდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.