Site icon Civil.ge

საქართველოს და ყაზახეთის ლიდერებმა სატრანზიტო თანამშრომლობაზე იმსჯელეს


საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი, 13 ივნისი, 2017. ფოტო: akorda.kz

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 13 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ესტუმრა და თავის კოლეგას ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი პრეზიდენტმა გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორია და დასძინა, რომ თბილისი ძალ-ღონეს არ იშურებს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაციისათვის.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ყაზახეთს „ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ“. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს როგორც „ევროპა-კავკასია-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლს“. 

„საქართველო მიესალმება ყველა ახალ ინიციატივას ამ სფეროებში და მზად არის, პარტნიორებთან მუშაობის პროცესში განიხილოს საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი წინადადებები“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტმა ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად კარგი ურთიერთობები აქვთ და დასძინა, რომ ეს ურთიერთობები „სტაბილური რჩება“.

ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობა ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში.

„არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ყაზახეთის მსგავსად სატრანზიტო ქვეყანა გახდეს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში“, – განაცხადა ნაზარბაევმა და დასძინა, რომ ევროპასთან წვდომა შავი ზღვიდან ყაზახეთის და საქართველოს გავლით „ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია გაზის და ნავთობის სტრანსპორტო დერეფნები, რომლებიც ასევე საქართველოზე გადის. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბათუმის ნავთობტერმინალის და პორტის შესაძლებლობებიც განვიხილეთ, რომელთაც ყაზახური კომპანიები ფლობენ“, – განაცხადა ნაზარბაევმა.

„ეს საკითხები იმიტომ განვიხილეთ, რომ არსებული პრობლემების მოგვარების გზები გამოგვენახა: იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროები შეთანხმებას მიაღწევენ ტარიფებზე, ეს მარშრუტი შესაძლოა ყველაზე მოსახერხებელი გახდეს ყველასთვის – ჩინეთისთვის, ყაზახეთისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ნაზარბაევმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყაზახეთთან ტრადიციულად „ინტენსიური ურთიერთობა“ აქვს და იქვე დასძინა, რომ მისი გაზრდის კარგი შესაძლებლობები არსებობს. „პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობების გაზრდა, ეს ეხება, როგორც ენერგომატარებლებს, ასევე სხვა პროდუქციას“, – განაცხადა მან.

ასტანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს, პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარეს ნურლან ნიგმატულინს და სენატის თავმჯდომარეს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში Expo 2017 „მომავლის ენერგია“.

This post is also available in: English (ინგლისური)