Site icon Civil.ge

ბიზნესგაერთიანებები, არასამთავრობოები გადასახადების ზრდაზე შეზღუდვების მოხსნას ეწინააღმდეგებიან

თორმეტმა ბიზნეს კომპანიამ, მათ შორის ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში და საქართველოს ბანკების ასოციაციამ, 13 ივნისს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც პროტესტს გამოთქვამენ კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაძლო გაუქმების გამო, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ჯერ კიდევ განიხილება შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი“, – აცხადებენ კომპანიები. „ჩვენ, წამყვანი ბიზნესგაერთიანებები, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის“. 

ბიზნესგაერთიანებებმა განაცხადეს, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი „საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას“.

„მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობით“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში, რომელთა თქმითაც ამგვარი ქმედება   „საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას“.  

„ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ინვესტიცია რეგიონის თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და, ამ მხრივ, კონკურენცია ქვეყნებს შორის მუდმივად იზრდება. ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო ინვესტორს უნდა სთავაზობდეს უნიკალურ, სტაბილურ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არ არის ნათელი, რა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია საქართველოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, რეგიონთან შედარებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს კომპანიებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავად უნდა წყვეტდნენ გაიზარდოს, თუ არა მათი გადასახადები. „მოქალაქეების უფლება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ გადასახადების გაზრდის საკითხი, უშუალოდაა დაკავშირებული მათ უფლებასთან – განკარგონ საკუთარი შრომის შედეგად მიღებული შემოსავლები“, – განაცხადეს მათ.

ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ასევე გააკეთეს ანალოგიური განცხადება, რომლის თანახმადაც “გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად”.

“ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა  მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება – მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა”, – ნათქვამია 14 ივნისის განცხადებაში. 

არასამთავრობოების თქმით, „აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში“.

პარტიამ სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ექვსწევრიანი ფრაქცია ჰყავს და რომელიც ამ მუხლის გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორია, ბიზნესგაერთიანებების საპასუხოდ 14 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი 19 ივნისს პარლამენტში მიიწვია საკითხის განსახილველად.   

„ჩვენ, ევროპული და ზოგადად დასავლური საკონსტიტუციო გამოცდილების და რეპრეზენტაციული დემოკრატიის ტრადიციული პრაქტიკების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის 94 (ახალი რედაქციით 67-ე) მუხლის გაუქმება, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, განსაზღვროს ქვეყნის საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

„მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო შეზღუდვა არ უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის საფუძველი. პარლამენტს, მთავრობას, სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს კონსტიტუციური შეზღუდვა იმისათვის, რომ აწარმოოს მოქნილი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეკონომიკური ვითარებისა და გამოწვევის პირობებში, საყოველთაო ინტერესის შესაბამისად ტრანსფორმირდება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

პარტიამ ასევე აღნიშნა, რომ „აღნიშნულ შეზღუდვას არ აქვს ანალოგი ჩვენთვის ცნობილი ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყნების კონსტიტუციებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიული და არამართებულია“.