ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, 14 ივნისს, ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციის ცვლილებებზე დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დაპირებისა, რომ მმართველი პარტია მზად იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაეთვალისწინებინა მისი წინასწარი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ „ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ“.
ორგანიზაციების თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას არ იზიარებს, მათ შორის იმ რეკომენდაციას, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევისათვის პირველ ტურში შემოღებული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა, ასევე რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან „პერიოდულად კეთდება განცხადებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან და პრეზიდენტის ირიბი არჩევნების 2023 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების შიგნით არსებულ წინააღმდეგობაზე“.
„მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული რიგი განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ აარიდოს თავი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ცდილობს დააკნინოს ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციები“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს „სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც ასახული იქნება კომისიის საბოლოო დასკვნაში“ და „არ ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში და დაიტოვოს გონივრული ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის“.
ვენეციის კომისიის 111-ე სესიაზე დასასწრებად გამგზავრებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია თავის დანაპირებს შეასრულებს და გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. „კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, – დასძინა მან.
ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს 16-17 ივნისს 111-ე პლენარულ სხდომაზე ვენეციაში განიხილავს. ჩუგოშვილთან ერთად კომისიის სხდომას საქართველოს შესახებ ასევე დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.