Site icon Civil.ge

მარგველაშვილი და კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

19 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი მოწოდება კონსტიტუციის პროექტის პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით.

„[მარგველაშვილის უარი] ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი. პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. ეს იყო კომისიასთან დაპირისპირების გზა, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე“, – განაცხადა კობახიძემ. 

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მზად არის პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

პირველად პარლამენტის თავმჯდომარე სატელევიზიო დისკუსიის გამართვის ინიციატივით 17 ივნისს გამოვიდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა მან და პრეზიდენტი რეფორმის პროცესის თაობაზე უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკის გაჟღერებაში დაადანაშაულა.

კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო განხილვა დაარწმუნებდა საზოგადოებას იმაში, რომ დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებს შეესაბამება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ ამ შემოთავაზებას ერთი დღის შემდეგ უპასუხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა 18 ივნისს, რომ პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას, თუმცა სანაცვლოდ ამგვარი დისკუსიების ადგილად პრეზიდენტის სასახლეს სთავაზობს.

,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას  და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც  ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს“,  – განაცხადა აბაშიშვილმა.

„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა, გარკვეული, რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა’, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის პასუხს 18 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი „არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“.

„პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ქართული ოცნების და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მხარდაჭერილ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. კომისიის მუშაობას და შემდგომ საყოველთაო განხილვებს ოპოზიციის კრიტიკა ახლდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავდა, რომელიც მის ძალაუფლებაში ყოფნას კიდევ უფრო გააძლიერებდა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭების საკითხები გახდა.