გიორგი კვირიკაშვილი, 19 ივნისი, 2017. ფოტო: gov.ge
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19 ივნისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე „წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი“.
„გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
„წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, მე არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა მან, რომელსაც მხედველობაში ჰქონდათ ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) საგამოძიებო სტატია, რომლის თანახმადაც მუხთარლის გადაადგილების მარშრუტზე მდებარე კერძო ბიზნეს ობიექტის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი დაზიანებულია.
პრემიერ-მინისტრმა მანამდეც მოუწოდა წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ. 1 ივნისს, მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან სამ დღეში, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან კარგად მესმის მოქალაქეებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია“.
This post is also available in: English (ინგლისური)