Site icon Civil.ge

დანაშაულების ტალღამ სოხუმში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია

ბოლო დროს სეპარატისტულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების სერიამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და უბიძგა პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ ხელისუფლებისგან რეგიონში „უკანონობის“ შეჩერება მოეთხოვათ.

12 ივნისს, სოფელ ქვემო ეშერაში 13 წლის გოგონა გააუპატიურეს, 17 ივნისს, ეჭვმიტანილი ასტამურ ჯოპუა, რომელიც ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ 15 ივნისიდან იძებნებოდა, პოლიციაში თავად გამოცხადდა, თუმცა დანაშაული არ აღიარა.    

ჯოპუა, რომლის ძმა ალმასი პარტია „აინარის“ ლიდერია და სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს, 2014 წლიდან აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას დაცვაში მუშაობდა, თუმცა დაცვის სამსახურის უფროსმა განაცხადა 21 ივნისს, რომ ასტამურ ჯოპუამ სამსახური დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე, 8 ივნისს დატოვა.

დანაშაულიდან ხუთ დღეში, მსხვერპლის და, ანჟელა ჯღამაზია გარდაცვლილი იპოვეს; მას კეფაში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. ეჭვმიტანილი, მსხვერპლის მამა რობერტ ჯღამაზია, ამჟამად მიმალვაშია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რობერტ ჯღამაზიას დებმა განაცხადეს, რომ მკვლელობა ალმას ჯოპუას წაქეზებით მოხდა, რომელიც ინციდენტის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდა რობერტ ჯღამაზიას და მისი უფროსი ქალიშვილის „შეუფერებელ საქციელზე“ მიანიშნა.    

ამ დანაშაულებმა სეპარატისტული რეგიონის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. 19 ივნისს, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომელთა შორისაც იყვნენ პარტია „ამცახარა“, ფონდი „აპრა“, ასევე ორგანიზაციები „კიარაზაა“, „აიტაირა“, „აბზანხარა“ და „ქალები პოლიტიკაში“, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გმობენ „უკანონობას“ აფხაზეთში და ხაზგასმით აღნიშნავენ სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლების უუნარობას, რომ დროული რეაგირება მოეხდინათ ამ ორ დანაშაულზე, ასევე 16 ივნისს სოხუმის ცენტრში 36 წლის იულიან ბობუას მკვლელობის მცდელობაზე.

„ხელისუფლება თავს არიდებს კონსტიტუციით და კანონებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. სასამართლოს გარეშე გასამართლების შემთხვევები ჩვენი მცირერიცხოვანი საზოგადოებისთვის სახიფათო მასშტაბებს იძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიამ „აფხაზეთის ხალხი მართლმსაჯულებისა და განვითარებისთვის“ 19 ივნისს ცალკე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რეგიონში არსებულ „უკანონობას“ აკრიტიკებს. 

ჯღამაზიას ოჯახის ნათესავები პროტესტის ნიშნად შეიკრიბდნენ და ასტამურ ჯოპუას და ასევე მისი ძმის ალმას ჯოპუას დასჯა მოითხოვეს. მათ ხელისუფლება დანაშაულისთვის ხელის დაფარებაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს, რომ გამოძიებაზე საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს. 19 ივნისს საკანონმდებლო ორგანომ თავდაცვის კომიტეტს ორ „საზარელ“ დანაშაულზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება დაავალა.

19 ივნისს, რეგიონის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ, სამართალდამცავ სტრუქტურებს ორივე საქმის გამოძიება დაავალა, რომლის დროსაც „არანაირ შეწყალებას, არანაირ გამართლებას არ უნდა ჰქონდეს ადგილი“.  მისმა მოადგილემ, ვიტალი გაბნიამ, აღნიშნა, რომ რეგიონის ხელისუფლება რუსი ექსპერტების ჩართვას გეგმავს საგამოძიებო ექსპერტიზაში, რომელიც, მისი თქმით, „არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ რუსეთშიც განხორციელდება“.

ამას გარდა, 19 ივნისს სოხუმში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც  აფხაზეთის ომის ვეტერანს, რუსლან არგუნს, ფეხის ნაწილის ამპუტაცია დასჭირდა. ერთი დღის შემდეგ, როლანდ ჯოპუამ, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, აფხაზეთის ომის ინვალიდების ფონდის თავმჯდომარის კაბინეტში იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. 22 ივნისს, აფხაზეთის 50 წლის მკვიდრი, გენადი სულაბერიძე გაგრაში მოკლეს.