Site icon Civil.ge

მოსკოვი ცხინვალს ‘საინვესტიციო’ დაფინანსებას უმცირებს

ცხინვალის მთავრობის ხელმძღვანელმა, ერიკ ფუხაევმა, 20 ივნისს განაცხადა, რომ 2018 და 2019 წლებში რეგიონის „საბიუჯეტო ინვესტიციებისთვის“ მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერა, საერთო ჯამში, სამ მილიარდ რუსულ რუბლს შეადგენს (51 მილიონი აშშ დოლარი 22 ივნისის მდგომარეობით).

ეს განცხადება გაკეთდა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სამხრეთ ოსეთის მხარესთან გამართულ სხდომაზე“, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვიც, ესწრებოდა.

ფუხაევმა განაცხადა, რომ ცხინვალმა რუსეთისგან თავდაპირველად 5 მილიარდი რუბლი ითხოვა, თუმცა, „დაფინანსების შეზღუდული ლიმიტის შესაბამისად“,  საჭირო გახდა ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის სამინისტროსთან ერთად პრიორიტეტული სფეროების „შერჩევა“. 

შედეგად, 2018 და 2019 წლებში ცხინვალს საერთო ჯამში 3 მილიარდი რუსული რუბლი გამოეყოფა (1.5 მილიარდი რუბლი თითო წელს), რაც 2017 წლის დაფინანსებაზე ორჯერ ნაკლებია.

სეპარატისტული რეგიონის ბიუჯეტი 2017 წელს 8.1 მილიარდ რუბლს (135 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 7.3 მილიარდი რუბლი რუსეთიდანაა გადმორიცხული.   

4.2 მილიარდი რუბლის (70 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის რუსული სუბსიდიები რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 3 მილიარდი რუბლი (51 მლნ აშშ დოლარი) „საბიუჯეტო ინვესტიციების“ განხორციელებას მოხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური)