Site icon Civil.ge

პარლამენტმა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 22 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ" კანონის პროექტი პირველი მოსმენით, 115 ხმით ერთხმად მიიღო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ ორდღიან საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, მესამე ოპოზიციურმა საპარლამენტო ძალამ, „ევროპულმა საქართველომ“, საკითხის განხილვის ბოლოს, სხდომა 21 ივნისს პროტესტის ნიშნად დატოვა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ.

„არსებული კონსტიტუცია არის დაუხვეწავი სხვადასხვა თვალსაზრისით… მიზანი იყო დახვეწილი საპარლამენტო მართველობის სისტემის ჩამოყალიბება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 21 ივნისს საკონსტიტუციო პროექტის წარდგენისას.

კონსტიტუციური კანონპროექტის მთავარი ცვლილება ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს და ეს ცვლილება, სავარაუდოდ, 2023 წელს ამოქმედდება, რის შედეგადაც პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ნაცვლად პირდაპირი საყოველთაო არჩევნებისა. ცვლილება ეხება საპარლამენტო არჩევნებს, რომლის მიხედვითაც, უქმდება მაჟორიტარული სისტემა და 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები კვლავ ამჟამად მოქმედი კანონით განსაზღვრული, საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმართება, რაც არჩევნების ერთდროულად პროპორციული და მაჟორიტარული წესებით ჩატარებას ითვალისწინებს.

„მე მერჩივნა პირადად, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს, თუმცა ეს არის აზრთა სხვადასხვაობის შეჯერების შედეგი, რომელიც იყო ჩვენს გუნდში“, – განაცხადა კობახიძემ 21 ივნისს სხდომაზე.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უკმაყოფილებას სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქვამს.

განხილვების დროს მიღებული გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, საარჩევნო ბარიერი კი მხოლოდ ერთჯერადად, სავარაუდოდ, 5%-დან 3%-მდე დაიწევს, და ამავე დროს, პარტიებს ბლოკების შექმნის საშუალება აღარ ექნებათ.

„საუბარია 3%-იანი ბარიერის დადგენაზე შერეული სისტემის ფარგლებში ბლოკების გაუქმების პირობებში, ეს არის ის მოცემულობა, რომელთან დაკავშირებითაც უმრავლესობა შეჯერდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონსტიტუციის პროექტის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, რაც 2024 წლისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს ეხება, პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.

საპრეზიდენტო ინსტიტუტს რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცვლელი რჩება როგორც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, ასევე მისი კომპეტენციები. მხოლოდ იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და ხდება პირდაპირიდან არაპირდაპირ წესზე გადასვლა. აღნიშნული ცვლილება არ შეეხება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მხოლოდ 2023 წელს ამოქმედდება.

„ჩვენ ანგარიში გაუწიეთ პერსონალურ ფაქტორს, კერძოდ, დღეს მოქმედ პრეზიდენტს უნდა დარჩეს თეორიული შანსი მაინც იმის, რომ მან კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განმარტა კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. პროექტის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. ერთ ხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატ“, – ნათქვამია პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში.

ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან უარყოფითად შეფასდა ასევე კონსტიტუციის კანონპროექტში უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა, რომელიც მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიქმნება და მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

„დღეს უშიშროების საბჭო არის ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანო, შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვის უნარიანობაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი იყო 23 რეკომენდაცია, საიდანაც 21 უპირობოდ იქნა გაზიარებული. ორ რეკომენდაციაზე, რომებლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას და პარლამენტში საბიუჯეტო პროექტის განხილვას ეხება, კობახიძის თქმით, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კონსტიტუციური ცვლილების პროექტის ძირითადი ნაწილი, გარკვეული დათქმების გარდა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, რაც სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე მოხდება, საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტმა, ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

„მსურს, გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესს – საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი და მნიშვნელობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის მიერ ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა 22 ივნისს სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა.

„საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით, ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე ასევე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „ამ ეტაპისთვის, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე“.

„აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში. საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული“, – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური ნება გამოვლინა და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი მოწვევის პერიოდისთვის, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც, კვირიკაშვილის განცხადებით, ნიშნავს, რომ „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა შესაძლებლობა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში“.

პრემიერმა ოპოზიციის პროტესტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“. მისი თქმით, ამ ქმედებებს არგუმენტები აკლია.

საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს „ნულოვანი კონსესუსით“, „ერთი პარტიის მიერ ხელმოწერილი“ დოკუმენტი უწოდა.

„იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი, ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, რაც უნდა იყოს კონსტიტუცია, მე ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით ექვსი თვის წინ – ის რომ ასეთი სულისკვეთებით არ იქმნება გუნდი, რომელმაც უნდა დაწეროს თანხმობის დოკუმენტი. სამწუხაროდ ეს თავიდან ბოლომდე გამართლდა, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს მარტივად, ნულოვანი კონსესუსი, ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი“, – განაცხადა პრეზიდენტმა 22 ივნისს ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

ოპოზიციური პარტიები

"ხელისუფლებას არა თუ მცდელობა არ ქონია ქართველი ხალხისთვის მოესმინა, საზოგადოების წინადადებები გაეზიარებინა, არამედ დემონსტრაციულად და თავხედურად აჩვენეს საზოგადოებას, რომ მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ. ეს არის დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია… პოლიტიკური სპექტრის უგულვებელყოფა მოხდა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ 22 ივნისს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ სპეციალური ბრიფინგი გამართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ და განაცხადა, კონსტიტუცია „არ ემყარება საზოგადოებრივ კონსესუსს“.

„ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების კონსტიტუცია… ამიტომ ჩვენ შეგვიძლია განუსაზღვრელად ვთქვათ დღეს – ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს ერთი – მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულებმა ყველამ ერთად, თითოეულმა მოქალაქემ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ ქართული ოცნება“, – განაცხადა 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ.

სახალხო დამცველი

უჩა ნანუაშვილის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება საზოგადოებრივი „კონსესუსი გზით“ უნდა მოხდეს.

„ამ პროცესში და ეს ასევე ხაზგასმული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში, აუცილებელია საზოგადოებრივი კონსესუსი, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ამ პროცესში, რომ არავის დარჩეს აღქმა, რომ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული ეს ცვლილებები, არამედ ეს არის ნამდვილად საზოგადოების კუთვნილება. აქედან გამომდინარე ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა უფრო მეტი ორგანიზაცია, მეტი ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში. საზოგადოებრივი კონსესუსი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს 21 ივნისს.

არასამთავრობო ორგანიზაციები

15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ 22 ივნისს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებს.

„ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობას აზრი არ აქვს მაშინ, როდესაც შეთანხმებები არ სრულდება და ჩვენ უკვე აზრს ვერ ვხედავთ ამ ჩართულობაში“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, 22 ივნისს, პრესკონფერენციის შემდეგ.

„თავისი რეკომენდაციები მოგვაწოდა ვენეციის კომისიამ, იყო შექმნილი პროცესი და ახლა გამოდის, რომ ამ პროცესისთვის ხდება ხაზის გადასმა და ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება კონსტიტუციის სახით, რაც არ არის დემოკრატიული ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას მართველმა ძალამ“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

„ფაქტიურად ბოიკოტი ხელისუფლებამ გამოუცხადა ყველა აქტორს, რომელიც იყო ჩართული საკონსტიტუციო პროცესში, რადგანაც მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლითაც ვთვლიდით, რომ გაუმჯობესდებოდა კონსტიტუციის ტექსტი და მივიღებდით უკეთეს დოკუმენტს, რომელსაც ანალოგიურად თვლიდა ვენეციის კომისია… იქნა უგულვებელყოფილი“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა.

„არსებითი ცვლილებების მიღწევა ამ პროცესებში ჩართულობით შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ გამოვეთიშებით საპარლამენტო მოსმენებს, ამ პროცესში დამატებით მუშაობას და ჩართულობას აღარ ვაპირებთ“ – აღნიშნა 22 ივნისს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ.