32-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, 27 ივნისს საერთაშორისო თანამეგობრობის სახელზე გაავრცელა მიმართვა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადადების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს დაპირებისა“, რომ მმართველი პარტია შეცვლიდა შერეულ საარჩევნო სისტემას და მას „უფრო სამართლიანს“ გახდიდა მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების გზით, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა „უგულებელეყო“ არა მარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე "საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები“.
„ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ მიმართულ პირდაპირ და გამიზნულ მცდელობასა და ნაბიჯს ამჯერად უფრო მაღალ – კონსტიტუციურ დონეზე, რაც საქართველოში დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დასძინეს, რომ „კონსტიტუციის პირობებში, რომელიც არ ემყარება ფართო კონსენსუსს, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მარტო საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, არამედ მთლიანად პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას ქვეყანაში“.
არასამთავრობოებმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაეხმაროს საქართველოს, ქვეყანაში მიმდინარე არახელსაყრელი მოვლენების შერბილებასა და თავიდან ავიცილებაში, სანამ პარლამენტი საბოლოოდ განიხილავს და მიიღებს ახალ კონსტიტუციას. „ჩვენ თხოვნით მოგმართავთ, რომ მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, ერთხმად, 115 ხმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. მესამე და საბოლოო მოსმენა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური)