Site icon Civil.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება

საქართველოს პარლამენტმა, 23 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან ერთად, მეორე მოსმენით, 114 ხმით მიიღო „აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც რეგიონის უფლებამოსილებების გაფართოების შესაძლებლობას ითვალისწინებს. 

ახალი კონსტიტუციური კანონით, აჭარის სტატუსი და კომპეტენციები არსებითად არ იცვლება,  თუმცა შემოდის ახალი ნორმები, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკას თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მეტ თავისუფლებას ანიჭებს. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუციური კანონი მკაცრად აღარ განსაზღვრავს იმ სფეროებს, რომლებშიც ავტონომიურ რესპუბლიკას სამინისტროების შექმნა შეეძლება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდული პოლიტიკა და გარემოს დაცვა, აჭარა თავად გადაწყვეტს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებს, იმ დათქმით, რომ არ შეიჭრება ცენტრალური  ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროებში. 

გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციური კანონით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შეეძლება აჭარისათვის თავისი უფლებამოსილებების დელეგირებაც, რისთვისაც აუცილებელი იქნება ავტონომიური რესპუბლიკისათვის შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემა.

2004 წელს მიღებული ანალოგიური კანონისგან განსხვავებით, რომელიც ძალზე დეტალურია, ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტი სულ ხუთ მუხლს შეიცავს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს განსაზღვრავს.  

კანონპროექტით დადგენილია ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები, ასევე – რეგიონის ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. ახალი კონსტიტუციური კანონი უცვლელად იმეორებს მოქმედ დებულებებს, რომელთა თანახმადაც, აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 21 დეპუტატს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

ახალი კონსტიტუციური კანონით, საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ხელისუფლების ფორმირების პროცესში კვლავინდებურად მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება ეკისრება. კერძოდ, პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის თანხმობით, კონსტიტუციური კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს (დღეისათვის, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლება მთავრობის თავმჯდომარისა და ოთხი მინისტრისგან შედგება).

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, იმ საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. 

ახალი კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მასთან შესაბამისობაში აჭარის კონსტიტუციის მოყვანა. ამ მიზნით, აჭარის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, კონსტიტუციური კანონის მიღებიდან ექვს თვეში, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი.

საქართველოს პარლამენტის მიერ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებას წინ სახალხო განხილვები უძღოდა. მაისის თვეში, აჭარაში ორი სახალხო განხილვა – ბათუმსა და ხულოში გაიმართა. 

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, მეორე მოსმენით მიღებიდან სამ თვეში, 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე განაახლებს.

აჭარის მოქმედი კონსტიტუცია 2008 წელსაა მიღებული. იგი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციურ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“, რომელიც 2004 წელს, აჭარაში პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ დაამტკიცეს. პოლიტიკური კრიზისი რეგიონის იმდროინდელი მმართველის, ასლან აბაშიძის, მიერ ძალაუფლების უზურპირებითა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობით იყო გამოწვეული.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აჭარის გარდა, საქართველოს შემადგენლობაში შედის კიდევ ერთი ავტონომიური ერთეული, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულია 2000 წელს და, მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მისი გადასინჯვა არ იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური)