Site icon Civil.ge

ევროკავშირი: ხურჩის მკვლელობაზე საქმის შეწყვეტა ‘შემაშფოთებელია’

„აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების“ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის, რაშიდ კანჯიოღლის, მიმართ აღძრული საქმის შეწყვეტის თაობაზე „შემაშფოთებელია და მართლმსაჯულების აღსრულებას უშლის ხელს“, – განაცხადა ევროკავშირმა ეუთოს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში.

„სერიოზული დანაშაულების დაუსჯელობა უარყოფით გავლენას ახდენს ადგილზე არსებული უსაფრთხოების აღქმაზე“, – განაცხადა ევროკავშირმა და დასძინა, რომ „უნდა გაგრძელდეს“ მუშაობა ამ საქმეზე და ადგილზე არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც.

განცხადებაში, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ათი არაწევრი ქვეყნის (მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) სახელით გაკეთდა, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები „საქართველოში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვან ფორუმად რჩება“.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და „ხაზგასმით გამოხატა ღრმა შეშფოთება [ქვეყანაში] რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოფნის, ასევე ინფრასტრუქტურის გაძლიერების, მიმდინარე ‘ბორდერიზაციის’ და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში და მის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვის გამო“.

ამ კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა შემდეგი: „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ საჭიროა, რუსეთმა მკაფიოდ იკისროს ძალის არგამოყენების ვალდებულება“. „ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბერს მისი განხორციელების თაობაზე აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის უფლება მისცეს“.

27-29 ივნისს, ვენაში გამართულ ეუთოს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიურ კონფერენციაზე, მაღალი დონის ექსპერტები და დიპლომატები ეუთოს ზონაში პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით შეიკრიბნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)