29 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ნატოს და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოლიტიკა გააკრიტიკა.
კარასინმა განაცხადა, რომ მისი შემდგომი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი, „როგორც ყოველთვის, საქმიან ატმოსფეროში ჩაივლის“, თუმცა მან გააკრიტიკა თბილისი ნატოსთან დაახლოების გამო და აღნიშნა, რომ „ჩვენს შორის კვლავ არსებობს პრინციპული განსხვავებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური პროცესების მიმართ მიდგომების თაობაზე“.
„სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ თავის მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კეთილმეზობლური და თანასწორუფლებიანი დიალოგი დაამყაროს, თბილისი განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ისინი რუსეთის მიერაა „ოკუპირებული“. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემდგომი დაახლოების სასარგებლოდ. სამწუხაროა, რომ ამ საკითხში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არაფრით არ განსხვავდება სააკაშვილის რეჟიმის პოზიციისგან“, – განაცხადა კარასინმა.
„მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, სამჯერ გაიმართა მსხვილი სამხედრო წვრთნები ნატოს წევრი სახელმწიფოების კონტინგენტების მონაწილეობით. უკვე ზედიზედ მეორე წელია, ევროპიდან ხორციელდება მძიმე სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კარასინი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მან მკაფიოდ დააფიქსირა ალიანსის ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე მისი სურვილი, რომ სამხრეთ კავკასიაში მოიკიდოს ფეხი“.
გრიგორი კარასინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან „ისეთ ფორმებს იძენს, რომლებიც თბილისს რუსეთის მიმართ ნატოს შეკავების პოლიტიკის მონაწილედ აქცევს“.
ინტერვიუში კარასინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რთული ამოცანაა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც „საქართველოს ინიციატივით იქნა გაწყვეტილი“ და მისი აღდგენის პერსპექტივაც „მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“.
This post is also available in: English (ინგლისური)