Site icon Civil.ge

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 30 ივნისს, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საარჩევნო კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ ოთხ კანონს ეხება. 

მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ახლებურად არეგულირებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს და აზუსტებს სხვადასხვა საარჩევნო პროცედურას, მათ შორის, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. 

შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა წრე მნიშვნელოვნად იზღუდება. კერძოდ, საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის ყოლას შეძლებენ მხოლოდ ის პარტიები,  რომლებიც, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ და საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციას შექმნიან. 

ამავდროულად, პარტიები საარჩევნო კომისიაში თანაბრად (თითო წევრით) აღარ იქნებიან წარმოდგენილნი: პარტიები ცესკოში თავის წარმომადგენლებს იმ ხმათა პროპორციულად დანიშნავენ, რასაც არჩევნებში მიიღებენ. 

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარითა და 12 წევრით განისაზღვრება. ცესკოს ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი, ხოლო შვიდ წევრს ის პოლიტიკური გაერთიანებები ნიშნავენ, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმათა 3% ან მეტი მიიღეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება მოიპოვეს. 

ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალმა წესმა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კრიტიკა დაიმსახურა. მათი თქმით, ახალი წესი საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს ქართულ ოცნებას, რომელსაც, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, პარტიებისთვის განკუთვნილი კვოტით, ერთის ნაცვლად, ცესკოში რამდენიმე წევრის დანიშვნა შეეძლება.

20 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ, განაცხადა: „ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ძალიან რთული არჩევნები ელოდება და შესაბამისად, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაცია მოახდინონ, რათა საარჩევნო პროცესის და შედეგების მანიპულაცია შეძლონ“. ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის, თქმით კი, „ქართული ოცნება ცდილობს როგორც საარჩევნო კომისიების, ისე საარჩევნო პროცესის მთლიანად საკუთარ ნება-სურვილზე მორგებას“. 

წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ – 26 ივნისს, ერთობლივი დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, ყურადღება საკამათო შინაარსის მქონე ნორმებზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ცესკოში პარტიათა წარმომადგენლების დანიშვნის ახალი წესი „ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას“. 

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის პასუხად, ქართულმა ოცნებამ, ინიცირებული კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში, რომელიც მმართველ პარტიას ცესკოში, პარტიების კვოტით, შვიდიდან ოთხი წევრის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევდა,  კორექტივები შეიტანა და პარლამენტს ახალი წინადადებით მიმართა. 

ახალი ინიციატივით, ცესკოს წევრთა რაოდენობა – 13-დან 12-მდე, პარტიათა კვოტა კი, შესაბამისად, შვიდიდან ექვსამდე შემცირდება. ასეთ შემთხვევაში, ქართული ოცნება, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ცესკოში სამი წარმომადგენელს დანიშნავს, დანარჩენი სამი ადგილი კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით შეივსება. ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, ამ გზით შესაძლებელი იქნება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის „დაცული იყოს პარიტეტი“.

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, 28 ივნისს, პლენარულ სხდომაზე, ასევე კენჭი უყარეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ალტერნატიულ ინიციატივას, რომელიც ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის უფლებას კვლავ საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიებს უტოვებდა, თუმცა ინიციატივამ დეპუტატთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
პარტიებისთვის ექვსწევრიანი კვოტა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებშიც იქნება გათვალისწინებული და მისი დაკომპლექტების წესი ცესკოში პარტიების წარმომადგენელთა დანიშვნის პროცედურის ანალოგიური იქნება. 

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი ძალაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევა.

ცესკოში პარტიათა წარმომადგენლების დანიშვნის გარდა, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა ასევე დაიმსახურა იმ ცვლილებებმა, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებების გაზრდას, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელშეშლისათვის 500-ლარიანი ჯარიმის დაწესებას, საარჩევნო კომისიების საქმიანობის გასაშუქებლად მედიისთვის დამატებითი რეგულაციების შემოღებას და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელსაა მიღებული და, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, მასში 40-მდე ცვლილება შევიდა.

This post is also available in: English (ინგლისური)