საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს გამართულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს და 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდს საბოლოოდ ჩამოართვა დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 12 თვითმმართველი ქალაქიდან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს მხოლოდ ხუთი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი ინარჩუნებს, ხოლო თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი აღნიშნულ სტატუსს კარგავს.
შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა 2014 წელს მიიღო, რითაც საქართველოში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა ხუთიდან თორმეტამდე გაიზარდა. ამავდროულად, ის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქები გამოეყო, ცალკე თვითმმართველ ერთეულებად ჩამოყალიბდა და, საბოლოოდ, რეფორმის შედეგად, სულ 14 ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნა.
30 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2014 წელს შექმნილი 14 მუნიციპალიტეტი კვლავ გაერთიანდება და, თვითმმართველი ქალაქებისა და მოსაზღვრე თემების ინტეგრირებით, 7 მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2014 წელს მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე ზომის ერთეულებად ქცევა „არ აღმოჩნდა დასახული ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი“, ასევე „გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები“. კანონპროექტის ავტორთა თქმით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ ხელი უნდა შეუწყოს „ეფექტიან მართვას“ და „კაპიტალური ხარჯების მოცულობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.
განხორციელებული ცვლილებებითვე, გამგეობას და გამგებლის თანამდებობას სახელწოდება ეცვლება და ეწოდება მერია და მერი. „არსებითად მსგავსი ფუნქციის მქონე ორი თანამდებობის ნაცვლად იარსებებს მხოლოდ მერის თანამდებობა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
30 ივნისის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან ერთად, ცვლილებები საარჩევნო კოდექსშიც შეიტანა.
ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსში განისაზღვრა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალაქებიდან ასარჩევი მაჟორიტარების რაოდენობა. კერძოდ, ოთხიდან 10 ათასამდე მოსახლის შემთხვევაში – მაჟორიტარი დეპუტატის რაოდენობა ორით განისაზღვრება, 20 ათასამდე მოქალაქე – სამ მაჟორიტარს აირჩევს, ხოლო 35 ათასამდე ამომრჩევლის შემთხვევაში – ქალაქს ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც ამ პროცესს „უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდეს.
„სამი წელიწადიც არ გასულა, როდესაც უკვე აღიარეთ, რომ შეცდით. დღესაც ტყუილის ფონზე აპირებთ ამ რეფორმის გატარებას“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ, 29 ივნისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე.
დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, ეს არის „რეგრესი“ და „კონტრ-რეფორმა. დღეს ვცვლით იმ კანონს, რომელიც სამი წლის წინ მივიღეთ… ფაქტობრივად თვითმმართველი ქალაქების გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით… ეს არის რეგრესი, ეს არის კონტრ-რეფორმა… გავა დრო და თქვენ ინანებთ“, – განაცხადა ოპოზიციური ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
განსხვავებული პოზიციაა დააფიქსირა სხდომაზე ქართული ოცნების წევრმა, გიორგი კახიანმა, და კანონპროექტს „სწორი“ გადაწყვეტილება უწოდა. „ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, პოპულიზმი ჩვენგან ძალიან შორს არის. ის რაზეც თქვენ საუბრობთ მთლიანად პოპულიზმით არის შენიღბული. ჩვენ პუპულისტური გადაწყვეტილებები არც არასდროს მიგვიღია, არც მომავალში მივიღებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მათ შორის თვითმმართველობის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საქართველოში თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. 15 ივნისს, პარლამენტმა, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ინიციატივისა და საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, გამოიყენა ეს უფლებამოსილება და თვითმმართველი ქალაქები – თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი – ამავე სახელწოდების თვითმმართველ თემებთან გააერთიანა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს და აღნიშნული თვითმმართველი ერთეულების მოსახლეობა უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტების ხელისუფლებას – საკრებულოებსა და მერებს – აირჩევს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ პარლამენტის 15 ივნისის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი თქმით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი მოსახლეობასთან საჯარო განხილვებით უნდა გადაწყვეტილიყო. „ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე“, – აღნიშნულია ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ხელი არ მოაწეროს აღნიშნულ კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს. მათ ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით, შეხვდნენ პრეზიდენტს.
არასამთავრობოების წინადადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განიხილავენ აღნიშნულ საკითხს.
„თავიდანვე, საქართველოს პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ცვლილებების მიმართ, რომელიც ეხება თვითმართველობას… ბუნაბრივია, ჩვენ გულისყურით მოვეპყრობით არასამთავრობოების მომართვას, ვნახავთ ამ პაკეტს, რომელიც იქნება მიღებული და განვიხილავთ მათ წინადადებას, რომ არ მოვაწეროთ ხელი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)